ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების "შავი სია" 33-მდე გაზარდა

ყირიმის ოკუპაციის გამო რუსეთის მოქალაქეების "შავი სია", რომელთაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ, 21-დან 33-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.

სიაში მოხვედრილ პირებს ევროპაში სტუმრობის აკრძალვის გარდა, საბანკო ანგარიშები გაეყინებათ. მათი ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, გამოქვეყნებას დღეს აპირებენ.

ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებენ რუსეთთან ორმხრივი სამიტისთვის მზადებას, რომელიც ივნისში იყო დაგეგმილი.

"ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს უკრაინაში არსებული კრიზისის დეესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას" , - განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკან არ დაიხევს, ევროკავშირი დამატებით ზომებს მიიღებს, მათ შორის - ეკონომიკურ სანქციებს.