საინტერესო ფაქტები - ის, რაც მილიონერების შესახებ ჯერ არ გსმენიათ

ბევრი წარმატებული მეწარმე ამბობს, რომ არ ღირს დიდი ხნით უნივერსიტეტში გაჩერება. ბევრ მათგანს, ვინც დამოუკიდებლად ააწყო საკუთარი ბიზნესი, სწავლა ბოლომდე დამთავრებული არ აქვს.

მათ შორისაა ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი, რიჩარდ ბრენსონი და მაიკლ დეპი.

საინტერესოა, რომ მილიონერთა არცერთი კლუბი არ მოითხოვს განათლების დიპლომს, რადგან შესანიშნავად ესმით - სად და როგორ სწავლობდით, დიდად არ აისახება ბიზნესის საერთო წარმატებაზე.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განათლება საჭირო არ არის და ხვალვე უნდა მიატოვოთ სწავლა. თავად ბილ გეითსმა ერთხელ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მან უნივერსიტეტი არ დაამთავრა, სხვებისთვის მაგალითის მიმცემი არ უნდა იყოს, რადგან თვითგანათლებით იყო დაკავებული და კარგი ცოდნა დააგროვა.

კარგ უნივერსიტეტში კარგ განათლებას მიიღებთ, მაგრამ ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით, რომ ეს თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. განათლება შეიძლება სხვა ძირითადი ელემენტების კარგი დამხმარე გახდეს. „სხვა“ კი გახლავთ პრაქტიკა. მოკლედ, ნაკლები თეორია და მეტი პრაქტიკა.

ერთხელ და სამუდამოდ

ძალიან ბევრი მილიონერი ერთხელ და სამუდამოდ ქორწინდება. როგორც თავად აღნიშნავენ, წარმატება მხოლოდ თქვენზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ ვინ იქნება თქვენ გვერდით, ვინ დაგიჭერთ მხარს მძიმე წუთებში და მოგცემთ რჩევას. ასეთი ადამიანი კი მეორე ნახევარი უნდა იყოს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თუ წარმატებული ადამიანი რამეში დარწმუნებული არ არის, ცდილობს არ გააკეთოს ეს. ამ შემთხვევაში არც ქორწინებაა გამონაკლისი.

რა თქმა უნდა, საყრდენი და რჩევები კარგია, მაგრამ იმ ერთადერთის შერჩევა რისკებს უკავშირდება. რადგან მილიონერები მეტწილად საჯარო ადამიანები არიან, მათ ქცევაზე დამოკიდებულია კომპანიის ბედი, მათი ავტორიტეტი, შემოსავლის მოცულობა და პარტნიორების ნდობა. თუ მეუღლეებს ხშირად გამოიცვლიან, ამით პლუსები მათ ავტორიტეტს ნამდვილად არ დაემატება.

ფინანსური შემადგენელი - კიდევ ერთი ფაქტორი, თუ რატომ უნდა იპოვო ცხოვრების ერთადერთი სანდო მეგზური, რადგან ამ შემთხვევაში ყოველი განქორწინება უკავშირდება ქონების გაყოფას, ფინანსურ ხარჯებს, სასამართლო პროცესებს, რასაც დიდი ენერგია და ემოციები მიაქვს.

კრუიზები მილიონერებისთვის

ცხოვრების თანამგზავრის თემის გაგრძელებაში უნდა აღინოშნოს, რომ სულ უფრო მეტი მილიონერი თავით ეშვება სამუშაოში და პირადი ცხოვრების მოსაწყობად დრო არ რჩება. ჩინელმა ”მაჭანკლებმა” ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს. ჩინეთში გაჩნდა ახალი მომსახურება - კრუიზი მილიონერებისთვის, სადაც ყველაზე მდიდრები და წარმატებულები შეძლებენ მეგობარი ქალის, ან მეუღლის პოვნას. ერთ მოგზაურობაში 50 მილიონერი მიემგზავრება. აღსანიშნავია, ყოველი მათგანის ქონება 20 მილიონ დოლარს აღემატება. გოგონებისთვის ამ ლაინერზე მოხვედრა საოცნებოა. კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები უცნობია, მაგრამ, დიდი ალბათობით, ძალიან მკაცრი.

მუშაობა, მუშაობა და კვლავ მუშაობა

ბევრი ფიქრობს, რომ მილიონერები, რომლებმაც უკვე დიდძალი ქონება დააგროვეს, არაფერს აკეთებენ და უბრალოდ ცხოვრებით ტკბებიან სადმე ზღვის სანაპიროზე ჭიქა კოქტეილით ხელში. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. სტატისტიკის მიხედვით, მილიონერების დაახლოებით 40% კვირაში 40-55 საათს მუშაობს, ზოგი - მეტსაც. ჩვეულებრივი მუშაკი კი 40 საათს მუშაობს. ოპრა უინფრის თქმით, მას დღეში 12 საათიანი მუშაობა არ ჰყოფნის. სამუშაო დღის დასრულების შემდეგაც, შინ დაბრუნებული აგრძელებს საქმიანობას, გეგმავს გადაცემებს და შემდეგ ქმედებებს.

ეკონომია და ხელგაშლილობა

კვლევების თანახმად, მილიონერებს შორის ყველაზე ხელმომჭირნე შოტლანდიელები არიან. ამის მიზეზი ბოლომდე ამოუხსნელია. ყველაზე დიდი მფლანგველები კი რუსები და უკრაინელები აღმოჩნდნენ. მიზეზად კი სახელდება ის, რომ მათ უმრავლესობას დიდი ქონება დიდი შრომის ფასად კი არ ერგო, არამედ მაქინაციების, მოტყუებისა და თაღლითობის გზით. როდესაც ფული იოლად მოდის, მისი ფასი არ იცი.

აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს

საბოლოო წარმატება დიდწილად აღზრდაზეა დამოკიდებული. ბევრი მილიონერი იზრდებოდა გასავალის მკაცრი კონტროლის რეჟიმში. ამგვარად, მათ მიიღეს ფასეული ცოდნა იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში უნდა გასწიო ეკონომია და როდის და რაში დახარჯო ფული. თანხების სწორი გადანაწილება - ძალიან სასარგებლო უნარ-ჩვევაა.

შვილების მიმართ მოპყრობა

ძალიან ბევრი მილიონერი არ ანებივრებს შვილებს, ზრდის მკაცრი წესების მიხედვით და ბავშვობიდან ასწავლის ბიზნესის ძირითად ცნებებს. არავითარი ძვირად ღირებული სათამაშოები, მანქანები, ფულით განებივრება, შვილი - საოჯახო ბიზნესის გამგრძელებელია და ბავშვობიდანვე არ უნდა გააფუჭო. ერთადერთი, რაშიც ხარჯების შეზღუდვა არ ხდება - განათლებაა. ყოველი წარმატებული ბიზნესმენი თავს ვალდებულად მიიჩნევს შვილებს საუკეთესო ცოდნა მისცეს.

დამოკიდებულება საცხოვრებელთან

არც ისე ხშირად იძენენ მილიონერები დიდ სახლს. ზოგს სახლის დაქირავება ურჩევნია, რათა ზედმეტი თავის ტკივილი აირიდოს. დიდი სახლის მოვლა დიდ თანხებს მოითხოვს, ამიტომ, ევროპაში ცუდ ტონად მიიჩნევა უზარმაზარი სახლის ქონა.

ძვირადღირებული ავტომობილები

აშშ-ში და ევროპაში მილიონერები დიდად არ აქცევენ მანქანის სტატუსს ყურადღებას. მათგან 50%-ის ყოველდღიური ავტომობილის ფასი 30 ათას დოლარს არ აღემატება, 20%-ს კი 20 ათასიანზე ძვირად ღირებული მანქანა არ ჰყავს.

ელიტარული კლუბები

მილიონერთა უმეტესობა არ მიიღწვის რამე კლუბის წევრობისკენ. მათ ეს უბრალოდ არ სჭირდებათ, რადგან ცხოვრებაში უკვე რეალიზებული არიან და რისი დამტკიცებაც სურდათ, უკვე დაამტკიცეს. ამასთან, არისტოკრატების ელიტური კლუბები ზედმეტ ხარჯს მოითხოვს: საწევრო გადასახადი, წვეულებების ორგანიზება, ქველმოქმედება და ა.შ.

ბიზნესმენი და მემკვიდრეობა

მსოფლიოში 80%-ზე მეტმა მდიდარმა ადამიანმა დამოუკიდებლად იშოვა ფული და მიაღწია წარმატებას, და მხოლოდ 20%-ს ერგო ბიზნესი მემკვიდრეობით.

ფსიქოანალიტიკოსი - საუკეთესო მეგობარია

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აშშ-ში უამრავ მილიონერს ჰყავს პირადი ფსიქოლოგები, იურისტები, ექიმები და ”დამხმარეთა” მთელი შტატი. მილიონერების სამუშაო ძალიან დაძაბულია და მათ ზოგჯერ სჭირდებათ გულის გადაშლა ადამიანთან, რომელიც მზად არის მოუსმინოს მათ.

ეს საინტერესო ფაქტები საშუალებას გვაძლევს სხვაგვარად შევხედოთ მილიონერებს. ისინი უცხოპლანეტელები არ არიან, არც ღმერთები, რომლებთანაც მიახლოება შეუძლებელია. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, უფრო წარმატებულები და მიზანდასახულები.

დუდანა ზაქარაია