საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“ განიხილა და მოიწონა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელმაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყოს ხელი. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივი ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუენშტაინი“ წარმატებული საქმიანობის მაგალითის გათვალისწინებით, ქვეყნის 24 მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მოხდება. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ტიპის ფინანსური მხარდაჭერაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების რეალურ პერსპექტივაზე გათვლილი აქტივობა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ჩვენი მთიანი რეგიონის მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შეეწყოთ მთაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის ინიციატივით.
”მადლობა მინდა გადავუხადო ლევანს, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება დახმარებათა პაკეტი - ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემა იმისათვის, რომ მეცხოველეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს 24 მუნიციპალიტეტის - წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს - იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება. ერთ მუნიციპალიტეტში მოხდება მხოლოდ ერთი პროექტის განხორციელება.
პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და სრულად აღჭურვავს მას.
პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები 2017-2018 წლებში განხორციელდება. დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. პროექტის სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია.