ქართველი მილიონერი ბუბა ქებურია გაქურდეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენის სახლიდან ნახევარი მილიონი დოლარი მოიპარეს, უწყებაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სწავლობს თუ რა არის სახლიდან წაღებული.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
ქებურიას ცხოვრების არასაჯარო წესის გამო უჩინარ ბიზნესმენსაც უწოდებენ. მისი ბიზნესისტორიიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, სასტუმრო ”ამბასადორ კაჭრეთის”, თბილისში რესტორან "ამბასადორისა" და საგამოფენო სახლის მფლობელია, რუსეთში კი საკმაოდ დიდი ქონება აქვს. მათ შორის რესტორნები: "ტიფლისი", "თავადი ბაგრატიონი", "ტიფლისკი დვორი", ბიზნესცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქებურ პალასი". მასვე ეკუთვნის პარიზში რესტორანი „ქართული სახლი“.
ბუბას მეგობრები და ახლობლები უწოდებენ, დოკუმენტებში კი ელგუჯა შალვას ძე ქებურიაა. მოსკოვში ის დიდი მეცენატისა და მეგობრის სახელითაა ცნობილი. საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს შემოქმედებით წრეებთან და ხშირად ეხმარება რუსულ ბომონდს. მას უზარმაზარი მამული აქვს კახეთში, სოფელ კაჭრეთში, სადაც რუსი და ქართველი მეგობრებისთვის წვეულებებს აწყობს. ქებურია, "ქართველი ნაღვლიანი თვალებითა და ოქროს საათით" (ასე უწოდებს მას რუსული პრესა ), თავის მამულში სტუმრებს ქართული ღვინით, ჩურჩხელებითა და მწვადით უმასპინძლდება.
ძნელია დაითვალო ქებურიას მილიონები, რადგან საჯაროდ ამაზე საუბარი ქართველ ბიზნესმენს არ უყვარს, თუმცა საკუთარი სოციალური სტატუსის ხაზგასმა არ ავიწყდება მის ვაჟს, თორნიკეს, რომელსაც ახლობლები თოშასაც ეძახიან. მისი კუთვნილი მანქანა "ლამბორჯინი" საქართველოს ნომრებით (GLP-700) საზღვარგარეთ პარკირების წესებს ხშირად არღვევს. ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედის სავალ ნაწილსა და პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე, დარღვევით გაჩერებული 460 000 ევროიანი ,,ლამბორჯინის" ფოტოები გავრცელდა. წარმოშობით სოხუმელ ბიზნესმენს, თორნიკეს გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს, გიორგი და ლიკა.