საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება , - ამის შესახებ ოლუმუივა ბენარდ ალიუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახეზეა ხარისხობრივი ცვლილებები, საავიაციო უსაფრთხოებისა და მომსახურების დონის მიმართულებით.
ოლუმუივა ბენარდ ალიუ, რომელსაც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საავიაციო სფეროს წარმომადგენლებთან, დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გაგრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოსა და ICAO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის მასშტაბით შიდა აეროპორტების განვითარება. გიორგი კვირიკაშვილმა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ოთხმა ახალმა აეროპორტმა დაიწყო ფუნქციონირება და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობას ტურიზმის კუთხითაც.
შეხვედრას ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ბიუროს რეგიონული დირექტორი ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდა, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია და საქართველოს ელჩი კანადასა და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრნენ.