VISA და Mastercard ბანკ ”როსიას” საგადასახადო ოპერაციებს აღარ ემსახურებიან

საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა Visa-მა და MasterCard-მა ბანკ ”როსიას” (ОАО"АБ "Россия") კლიენტების საგადასახადო ოპერაციებისათვის მომსახურების გაწევა შეწყვიტეს.

ამის შესახებ ”რია ნოვოსტი” იტყობინება. სააგენტო წერს, რომ Visa-ს და MasterCard-ს არანაირი წინასწარი გამაფრთხილებელი განცხადება ამის თაობაზე არ გაუვრცელებიათ. 

ბანკი ”როსია” ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, რომლის წინააღმდეგ აშშ-ს მთავრობამ სანქციები დააწესა. ბანკში განმარტეს, რომ მათ თავად არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებიათ პლასტიკური ბარათებით ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

"ხელმძღვანელობა გაგებით ეკიდება სირთულეებს, რომლებიც კლიენტებს შეექმნათ და გარწმუნებთ, რომ ყველა შესაძლო ქმედებას მივმართავთ მათ გადასაჭრელად", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. ბანკის მენეჯმენტი გეგმავს ყველა შესაძლო იურიდიულ გზას მიმართოს, რათა დაიცვას ბანკისა და მისი კლიენტების კანონიერი ინტერესები.