ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამიტომ, ტურისტულ სექტორში მიმდინარე პროცესები საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა.
„ბიზნესპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სექტორში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
გიორგი ჩოგოვაძე:
- ზოგადად ტურიზმის სექტორის შემოსავალი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. ალბათ იცით, რომ 2016 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დასრულდა, ეს შეეხებოდა როგორც ქვეყანაში შემოსულ მოგზაურებს, ისე ამ სფეროს შემოსავალსაც: პირველად საქართველოს ისტორიაში ვიზიტორების რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან - 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, საქართველოს 11. 4%-ით მეტი ვიზიტორი და 26 % ით მეტი ტურისტი ეწვია, რაც თავისთავად ასოცირდება მეტ შემოსავალთან.
- ბატონო გიორგი, დღეისათვის რა მონაცემებიგაქვთ? იანვრიდან დღემდე ყველაზე მეტი ტურისტი რომელ კურორტებს ეწვია ?
- 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 1 776 719 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 11.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რომელ კურორტს რამდენი სტუმარი ეწვია, მალე გამოქვეყნდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ.
- რა მიგაჩნიათ ტურიზმის ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად საქართველოში?
-საქართველოში ტურიზმის ბევრი პერსპექტიული მიმართულება არსებობს. ერთ-ერთი მათგანია საქმიანი (MICE )ტურიზმი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებას და შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვას. ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შექმნა საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, რომელიც სწორედ საქმიანი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.ჩვენი ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის ორი - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება იყო, ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია (2016 წელს ) და ევრაზიის მთის კურორტების განვითარების კონფერენცია. თუმცა MICE ტურიზმის გარდა, არის სხვა პერსპექტიული მიმართულებებიც. მათ შორისაა გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმი, სათავგადასავლო, სამთო-სათხილამურო, პილიგრიმული ტურიზმი და ა.შ...
- 2017 წელს რა გეგმები გაქვთ, რომ უფრო მეტი ვიზიტორი მოიზიდოთ?
-ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს ბევრი ახალი პროექტი დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთია ,,ფასდაკლებების კვირეული“, რომელიც საქართველოს რეგიონებში იმართება და რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორი ტურისტებს გარკვეულ ფასდაკლებებს სთავაზობს. ეს ხელს უწყობს როგორც რეგიონის პოპულარიზაციას, ისე შიდა ტურიზმის განვითარებას. შიდა ტურიზმის სტიმულირების მიმართულებით გრძელდება კამპანია ,,გაიცანი საქართველო“. სიახლეები გვაქვს საერთაშორისო კამპანიებშიც. წელს, ზაფხულში, მარკეტინგული კამპანიაც დავგეგმეთ, რაც ,,გუგლის“ დახმარებით შევძელით.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის 14 ქვეყნის მიზნობრივ ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ ინტერნეტ კამპანიას ახორციელებს. ეს ქვეყნებია: რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, გერმანია, იტალია, ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, სომხეთი, ლიტვა და ლატვია. აღნიშნულ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მიმდინარეობს. მათ შორის საზღვაო და სამთო კურორტების, ბუნების, ღვინის, სამზარეულოს, კულტურის, ინფრასტრუქტურის და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია.
აქტიური მარკეტინგული კამპანია გვაქვს მსოფლიოში ცნობილ და პოპულარულ პორტალებზე tripadvisor და expedia. გარდა ამის, ვაგრძელებთ ჟურნალისტების ჩამოყვანას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი გავლენიანი გამოცემებიდან, როგორიცაა, ბიბისი, national geographic, vogue, wall street journal და. ა.შ. შემოდგომაზე ტრადიციულ Travel Media Forum-საც ჩავატარებთ. დაგეგმილია რიგით მეორე ციფრული მარკეტინგის კონფერენცია - TOUCH. გრძელდება მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებაც და მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად ტრენინგების ორგანიზებაც. ასე რომ, აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ 2017 წელი ტურისტული სექტორისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.
- ზაფხულის სეზონი ახლოვდება, რა მოლოდინი გაქვთ მომავალი სეზონისაგან?
- ჩვენი მოლოდინი რა თქმა უნდა, ძალიან ოპტიმისტურია. ჩვენ შევძელით არსებული, ანუ ტრადიციული ბაზრებიდან მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ტურისტების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღმოვაჩინეთ და განვავითარეთ ახალი ბაზრები. ველოდებით, რომ ამ სეზონზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდება და წლევანდელი ზაფხულის სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება.ზოგადად კი, ტურიზმი დარჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად, რადგან ტურისტების ზრდა მეტ შემოსავალს და მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს.
ხათუნა ჩიგოგიძე