BMW-ს ლეგენდარული „რვიანი“ ბრუნდება

გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია BMW-მ სრულიად ახალი კონცეპტუალური მოდელი წარმოადგინა.

ეს არის 8-series კუპე, რომლის წარმოებაც მომავალი წლიდან დაიწყება, ხოლო კაბრიოლეტის - 2019 წლიდან. ისინი კონკურენციას გაუწევენ უშუალო მეტოქეს Mercedes-Benz S-class კუპესა და კაბრიოლეტს.

როგორც ცნობილია, ბავარიელები მერვე სერიას გასული საუკუნის 90-იანებში აწარმოებდნენ და 1989 წლიდან 1999 წლამდე მისი 30 ათასი ერთეული გამოუშვეს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ჰერალდ კრუგერი აცხადებს, სიახლე კომპანიის სამოდელო გამაში საფლაგმანო მოდელი იქნება და მისი პოზიციონირება მეშვიდე სერიაზე მაღლა მოხდება. მისივე განცხადებით, ეს მოდელი კომპანიას ხელს შეუწყობს, დაიბრუნოს გასულ წელს „მერსედესის“ სასარგებლოდ დაკარგული ლიდერი პოზიცია პრემიუმ სეგმენტში, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ფლობდა.

ავტომობილის ფასი ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონკურენტი Mercedes S-class კუპესა და კაბრიოლეტის ფასი 100 ათასიდან 270 ათას ევრომდე მერყეობს, BMW-ს სიახლეც ამ საფასო სეგმენტში მოიაზრება.

8 series კომპანიის სამოდელო გამაში ამ ბოლო დროს წარუმატებელ 6-series კუპესა და კაბრიოლეტს ჩაანაცვლებს. ის „ექვსიანზე“ მეტად სპორტული გარეგნობისაა, თუმცა მისი პროპორციები 1989 წელს წარმოებული მოდელის მსგავსი იქნება. ავტომობილს კომპანიის საფლაგმანო მოდელის - 7-series ბაზაზე ააწყობენ და სხვადასხვა სიმძლავრის ძალოსნური აგრეგატები ექნება.

კოკა კვირკველია