ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიებას ახალციხეში გამართავს.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, წელს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი თემატური დატვირთვა - ,,ვეფხისტყაოსანი’’ - მიეცა და თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ ლოზუნგით ღონისძიებები იმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ამ თარიღთან დაკავშირებით ახალციხეში, რაბათის ციხეში მსახიობების, სპეციალური დეკორაციებისა და წარმოდგენების საშუალებით მე-12 საუკუნე გაცოცხლდება. ღონისძიებაში 50-მდე მსახიობი, ქართული ორთაბრძოლის ოსტატები და საჰაერო შოუს აკრობატები მიიღებენ მონაწილეობას. რუსთაველის ფორმაში გამოწყობილი მთხრობელი მუსიკოსების თანხლებით „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტებს წაიკითხავს. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგმება სცენები. მათ შორის ნადიმი და მიღება მეფე როსტევანის კარზე. შავფაროსნების მონაწილეობით გაიმართება ორთაბრძოლა, ასევე მოეწყობა ცეცხლოვანი შოუ. ღონისძიების ფარგლებში რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეპლიკები. ბავშვებისათვის ინტერაქტიული თამაშები და შეჯიბრება გაიმართება. დღის კულმინაცია ქაჯეთის ციხის აღების სცენის გაცოცხლება იქნება, რომელიც რაბათის ტერიტორიაზე დაახლოებით 20:30 საათზე დაიწყება.