Fitch -მა რუსეთს ნეგატიური რეიტინგი მიანიჭა: სანქციები ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch -მა რუსეთს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი "ВВВ" -დან (ანუ სტაბილურიდან), ნეგატიურამდე შეუმცირა. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ არსებული ВВВ+ შეუნარჩუნა. სააგენტო მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე საერთო პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას ინარჩუნებს.

”პროგნოზის გაუარესება უკავშირდება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკასა და ბიზნეს-კლიმატზე”, - აღნიშნულია სააგენტოს პრესრელიზში. ამერიკულმა და ევროპულმა ბანკებმა შესაძლოა, არსებულ ვითარებაში რუსეთის დაკრედიტება შეამცირონ, ამიტომ ეკონომიკური ზრდის შენელების რისკები არსებობს, კომპანიებს კი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დახმარება დასჭირდებათ.

სანქციების მოსალოდნელი შედეგი, უცხოელი ექსპერტების აზრით, კაპიტალის გადინება იქნება, რომელიც რუბლის კურსზე წნეხს გააძლიერებს.

”ეკონომიკის ნელი ზრდის გამო რისკები იზრდება, ისევე როგორც ფინანსური ”უსაფრთხოების ბალიშების” შემცირებისა და სახელმწიფო ვალის ზრდის გამო. თუმცა, მეორე მხრივ, რუბლის გაუფასურება დაეხმარება სახელმწიფო ბიუჯეტს ნავთობის ექსპორტიდან უფრო დიდი მოგება მიიღოს”, - დასძენენ უცხოელი ანალიტიკოსები.

თუმცა, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ”ჩრდილოელი მეზობელის” დამოკიდებულება ენერგორესურსებზე საკმაოდ მაღალია. მათი წილი საერთო ექსპორტში 67%-ს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტის 50% -ს ავსებს. ეს კი საგარეო შოკების შემთხვევებში რუსეთის ეკონომიკისთვის საფრთხეებს ზრდის.