"საქართველოს ბანკი" საერთაშოროსო ბაზარზე ფინანსურ რესურსს სესხულობს ლარში, ხოლო უნდა გაისტუმროს დოლარში"

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნულ ვალუტაში პირველი ევროობლიგაციების შესახებ წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"უპირველესად, ყველას გილოცავთ 26-მაისის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით მართლაც მნიშვნელივანია, რომ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი ევროობლიგაცია 500 მლნ ლარის ნომინალით წარმატებით განთავსდა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ჩვენი ქვეყნის წამყვანი კომერციული ბანკის - სს "საქართველოს ბანკის" მიერ.

ემისიიდან მიღებული შესაბამისი რაოდენობის - დაახლოებით 200 მლნ დოლარი - წარმოადგენს მნიშვნელოვან სავალუტო ნაკადს, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენს ქვეყანაში სავალუტო ბაზრის სტაბილურობისათვის.

ყველა შემთხვევაში ამ სამწლიანი ობლიგაციის ემისია ჩაითვლება ქართული კომპანიის მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ პირველ პორტფელურ ინვესტიციად და ასეთად დარჩება დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსური სისტემის ისტორიაში.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული ფასიანი ქაღალდის აღწერაში (იხილეთ თანდართული ბლუმბერგის სქრინი) მითითებულია, რომ ყველა სახის სამომავლო გადახდა, მათ შორის კუპონური გადახდები და დაფარვები უცხოელი ინვესტორების წინაშე განხორციელდება მხოლოდ აშშ დოლარში.

რას ნიშნავს ფრაზა "ALL PAYMENTS IN USD", რომელიც ფასიანი ქაღალდის ბოლოშია მითითებული?

ეს ნიშნავს იმას, რომ სს "საქართველოს ბანკი" საერთაშოროსო ბაზარზე ფინანსურ რესურსს სესხულობს ლარში, ხოლო უნდა გაისტუმროს დოლარში.

ე.ი. სინამდვილეში უცხოელ ინვესტორებს ამ ფასიანი ქაღალდის ფლობისას ქართულ ლართან მაინც არავითარი შეხება არ ექნებათ, ხოლო მათ წინაშე ნებისმიერი სახის სავალუტო რისკს მაინც ქართული მხარე, ამ შემთხვევაში ამ ფასიანი ქაღალდის გამომშვები - სს "საქართველოს ბანკი" თავის თავზე იღებს.

შესაბამისად, ვთხოვთ ემიტენტს, რომ დააკონკრეტოს აღნიშნული ემისიის დანიშნულება - მოზიდულ რესურსს გამოიყენებს საერთაშორისო ვალდებულებების გადასაფარად, თუ ახალი პროექტების დასაფინანსებლად.

ამასთან არც ქართველ მომხმარებლებს არ გვაწყენდა აღნიშნული ევროობლიგაციების შეძენა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რამდენად კონკურენტულ ფასში შეგვეძლება ამ ევროობლიგაციის შეძენა და რამდენს შეადგენს ნომინალის მინიმალური დონე ფიზიკური პირებისთვის.

ამ მიზნით, მომავალში ვისურვებდით, რომ მსგავსი განთავსება უკვე არა დუბლინში განხორციელდეს რუსული საინვესტიციო კომპანიის, არამედ თბილისში ქართული საინვესტიციო კომპანიის კონსორციის საფუძველზე." - წერს ასლანიშვილი.

bpn