საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური აპლიკაცია შეიქმნება, რომელიც მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მიაწვდის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
ჯანელიძის განმარტებით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დიასპორის წარმომადგენლებს სამშობლოსთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებს, მათ შორის საელჩოების და საკონსულოების დახმარებით.
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია, დიასპორის ფორუმის ჩატარება. ეს იძლევა კარგ საშუალებას, რომ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ვიმსჯელოთ თუ რა პრიორიტეტებია, რა შესაძლებლობებია ქვეყანაში და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ აქტიურად და დავგეგმოთ მომავალი წელი. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს მთავრობასა და ეკლესიას შორის, იმისათვის, რომ დიასპორა კიდევ უფრო გაძლიერდეს, იყოს უფრო მეტად ერთიანი და შენარჩუნებული იქნას თვითმყოფადობა. ძალიან დიდი როლი შეასრულა ეკლესიამ ამ მიმართულებით, ასრულებდა ყოველთვის და ასრულებს დღესაც. ჩვენი ვალია, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩვენი დიასპორის გაძლიერებას. პრემიერის ინიციატივით, დიასპორა და დიასპორის პოლიტიკა გახდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში და მიდგომა ჩამოყალიბდა კომპლექსური. შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც არის ორიენტირებული, რომ დიასპორა იყოს უფრო ძლიერი, ერთიანი და სამშობლოსთან უფრო მჭიდრო კავშირის მქონე. პროგრამა გულისხმობს ძალიან ბევრი ამოცანის შესრულებას, პირველ რიგში იმისათვის, რომ მოხდება დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება, ასევე ხელს შევუწყობთ სპეციალური მართვის პროგრამების განხორციელებას, მათი უფლებების დაცვას და კულტურული თვითმყოფადობის გაძლიერებას, გავაძლიერებთ ჩვენი საკონსულოების და საელჩოების შესაძლებლობებს, რომ დიასპორის წარმომადგენლებს გაუწიონ იურიდიული და სხვა სახის დახმარება, იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის დიასპორას სახელმწიფოში არსებული პროგრამების შესახებ და საქართველოში დაბრუნებისათვის არსებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ვმუშაობთ საკვირაო სკოლებზე, რათა გაძლიერდეს ისტორიის, ქართული ენის სწავლება, შევუწყობთ ხელს კულტურულ ღონისძიებებს, ხელს შევუწყობთ სპორტულ ღონისძიებებს“, - განაცხადა ჯანელიძემ.
დიასპორის ფორუმი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეები კოჯორში, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.