როგორ შეიცვალა საავტომობილო ბაზარი ახალი რეგულაციების შემდეგ

ავტოდილერები ბოლო პერიოდში საქართველოში დაზიანებული ამერიკული ავტომობილების იმპორტის მომრავლებაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, კონტეინერებს, რომლითაც ეს ავტომობილები ძირითადად ფოთის პორტში შემოდის, შემდეგი წარწერა აქვს: Junk ანუ ჯართი ან write off - ჩამოწერილია. ექსპერტების შეფასებით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გასამმაგების შემდეგ, დაბალფასიანი ამერიკული და ევროპული ავტომობილების იმპორტის ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს ვერ შეუწყობს ხელს იმ მთავარ მიზანს, რომელიც თავის დროზე ცვლილებების მიზეზად დასახელდა, მათ შორის ეკოლოგიის გაჯანსაღება, საცობების განტვირთვა, ავტოპარკის გაუმჯობესება და ა.შ.

ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი:

"თუ გავიხსენებთ პროცესებს, საქართველოს მთავრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აანონსებდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ბრძოლის გამოცხადებას. პირველი დავით ნარმანია იყო, ვინც საცობების განმუხტვის მიზნით დაანონსა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა. თავისი აბსურდულობიდან გამომდინარე, მისმა ინიციატივამ შედეგი ვერ გამოიღო და საკითხი შსს-მ გადაიბარა, რომელიც უკვე მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემაზე ზრუნვით ამართლებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რეალურად ეს რეგულაცია არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების და არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანს ართმევენ უფლებას, თავად აირჩიოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჰყავდეს თუ მარცხენასაჭიანი.

ბოლო წლებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის ზრდა საქართველოში გამოწვეული იყო ამ ავტომობილების დაბალი ღირებულებით, მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ავტომობილებს, რომლის იმპორტიც ძირითადად ხორციელდებოდა იაპონიიდან, თუ შევადარებთ იგივე ღირებულების და ასაკის ამერიკიდან ან ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილს, ვნახავთ, რომ იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიან ავტომობილს, ბევრად ნაკლები გარბენი აქვს, მეტად აკმაყოფილებს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს, ბევრად უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულია, ვიდრე ევროპიდან და ამერიკიდან იმპორტირებული ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაცხადებდით, რომ აღნიშნული რეგულაცია ვერც ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენციას შეაჩერებს ქვეყანაში და არც ავტოპარკის განახლებას გამოიწვევს. მეტიც, ჩვენი გათვლებით, მივიღებდით ბევრად მეტად ტექნიკურად გაუმართავი იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობას ქვეყანაში, რომლებიც მოძრაობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური თვალსაზრისით, მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ახალი მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სხვა საკანონმდებლო ინიციატივებიც წარადგინა პარლამენტში. ერთ-ერთი კი ეხებოდა ავტომობილების განბაჟების სისტემის ცვლილებას, რის შედეგადაც 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟების აქციზი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. კერძოდ კი ცვლილებები შედიოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

ჩვენ მაშინ ამ ინიციატივასაც ვეწინააღმდეგებოდით და ვეწეოდით ადვოკატირების კამპანიას, ვაცხადებდით, რომ აღნიშნული საკონონმდებლო ინიციატივა საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილების ფასებზე გამოიწვევდა სერიოზულ რყევას, კერძოდ: 1-3 წლამდე ავტომობილებზე ფასი უცვლელი დარჩებოდა; 3-9 წლამდე ავტომობილებზე ფასი შემცირდებოდა საშუალოდ 3%-5%-ით, შესაბამისად აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ამ ასაკის ავტომობილების თვითღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა;

ხოლო 9-12 წლის და 12 წლის და ზემოთ ასაკის ავტომობილებზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად გამოიწვევდა ავტომობილების თვითღირებულების გაზრდას; 12 წლის და ზემოთ ასაკის ავტომობილების თვითღირებულებაზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება აისახებოდა ყველაზე უარყოფითად, რომ განბაჟების ღირებულება საშუალოდ გაიზრდებოდა 500%-ით, რაც ნიშნავდა იმას, რომ ავტომობილის თვითღირებულება საშუალოდ გაიზრდებოდა 100%-ით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, მთლიან შიდა საავტომობილო ბაზარზე მოთხოვნა საშუალოდ 75%-85% მეორად, 10-წლის და ზემოთ ასაკის ავტომობილებზე მოდის. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვევდა იმ ავტომობილების საშუალოდ 100%-ით გაძვირებას, რომლებზეც ძირითადად არის მოთხოვნა საქართველოს საავტომობილო ბაზარზე და ხელმისაწვდომია საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლებისათვის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

რეალურად ჩვენმა ადვოკატირების კამპანიამ მაშინ შედეგი გამოიღო, შსს-მ საქართველოს პარლამენტში ვერ გაიტანა ცვლილებების პაკეტი და კანონპროექტი ჩავარდა. მაგრამ ერთი წლის თავზე ეს მძიმე ტვირთი ფინანსთა სამინისტრომ გადაიბარა, რომელიც საგადასახადო რეფორმის ინიციატივით მოგვევლინა. საგადასახადო რეფორმაში იყო ავტომობილების განბაჟების სისტემის შეცვლა, რეალურად გაძირება, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში დისკრიმინაციული მიდგომით აქციზის გადასახადის გასამმაგება, ფაქტიურად, აკრძალვა და საწვევზე აქციზის გაორმაგება. ახალი მოწვევის პარლამენტმაც არ დააყოვნა და 2016 წლის დეკემბერში საგადასახადო რეფორმის ფარგლებში გასატარებელი საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო.

შედეგები შეგვიძლია ერთად შევაფასოთ ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოში სტატისტიკურად საავტომობილო ბაზარზე მოთხოვნის მიხედვით ლიდერობენ 9 წელზე მეტი ასაკის "მერსედესის" და HONDA-ს მარკის ავტომობილები. მაგალითისთვის, თუ მანამდე არსებული განბაჟების სისტემით, 9 წელზე მეტი ასაკის Mercedes C-ს მარკის ავტომობილის ღირებულება შეადგენდა 4 ათას აშშ დოლარს, ახალი რეგულაციით აღნიშნული ავტომობილის თვითღირებულება გაიზრდა საშუალოდ 70%-ით და ღირებულება შეადგენს 7 ათას აშშ დოლარს.

აღნიშნულმა რეგულაციამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მეორადი ავტომობილების იმპორტით დაკავებულ ადამიანებს, გაკოტრდა ათეულობით სადილერო და იმპორტიორი კომპანია, 10 ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, კრიზისი შეექმნა გადამზიდავ კომპანიებს, შემცირდა ტვირთბრუნვა და სხვა.

გარდა ამისა, პრობლემები შეექმნა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სურს შეიძინოს ავტოსატრანსპორტო საშუალება. საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის ავტომობილი აღარ არის ხელმისაწვდომი, მეტიც, ავტომობილი საქართველოში ხდება ისევ ფუფუნების საგანი.

თუ ხელისუფლებას სურს წაახალისოს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების განვითარება და მოხმარება საქართველოში, საკმარისი იყო გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინათ ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები, რომლებიც წარმოადგენენ ეკოლოგიურად სუფთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. გადასახადის მოხსნა კი მნიშვნელოვნად შეამცირებდა მსგავსი ტიპის მეორად ავტომობილებზე ღირებულებას და იქნებოდა ერთგვარი მოტივაცია მომხმარებლისთვისაც, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ხოლო თუ საქმე მიდგებოდა ავტომობილების განბაჟების სისტემის დიფერენცირებასთან და მიზანი იქნებოდა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, უნდა მომხდარიყო ეს არა ავტომობილის ასაკის მიხედვით, არამედ ძრავის მოცულობიდან გამომდინარე.

არსებული რეგულაციებით არსებული ავტოპარკის განახლებაც შეუძლებელია. ავტოპარკის განახლება პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. მაშინ, როცა იზრდება ადამიანის ყოველწლიური შემოსავალი, ის თავისთავად ცდილობს განაახლოს თავისი პირადი მოხმარების ნივთები, მათ შორის ავტომობილი.

ხელისუფლების ყველაზე საინტერესო არგუმენტი ახალი ავტომობილების ბაზრის წახალისება იყო. თუ გადავხედავთ საქართველოს ახალი ავტომობილების ბაზარს, არჩევანი საკმაოდ დიდია, მაგრამ ფასებიც შესაბამისია და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი აძლევს თავს უფლებას შეიძინოს ევროპული, ამერიკული თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ძვირადღირებული ახალი ავტომობილები, რომელთა ღირებულება საშუალოდ იწყება 25 ათასი აშშ დოლარიდან.

თუმცა თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ საქართველოს ახალი ავტომობილების ბაზარს, შევამჩნევთ, რომ ჩრდილოელი ავტომწარმოებელი ქვეყნის მოთამაშეებიც დომინირებენ და თუ კარგად გავანაალიზებთ, შესაძლებელი ვივარაუდოთ, რომ ახალი ავტომობილების ბაზრის წახალისებაში ხელისუფლება, სწორედ რუსული წარმოების, ან ე.წ. რუსულ-ჩინური წარმოების შედარებით იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გულისხმობდა.

რუსული და ჩინური წარმოების იაფფასიანი ავტომობილები, როგორიცაა Lada-ს, GAZ-ის და DATSUN-ი სხვადასხვა მარკის მოდელები, რომელთა ფასი 7 ათასი დოლარიდან იწყება, პირდაპირ კონკურენციაში შედის 9 წელზე ზემოთ ასაკის, ევროპულ და ამერიკულ იმპორტირებულ ავტომობილებთან მათი გაზრდილი თვითღირებულებიდან გამომდინარე.

დღეს უკვე 2017 წლის მე-5 თვეა და შეგვიძლია პირველად შეფასებებზეც გადავიდეთ, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის დისკრიმინაციული განბაჟების სისტემამ, ანუ ფაქტობრივმა "აკრძალვამ" ამ ავტომობილების რეალიზაცია მინიმუმამდე დაიყვანა. ეს მაშინ, როცა 2016 წელს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტმა საქართველოში 40%-იან ზღვარს გადააჭარბა. ყველაზე დიდი ზარალი ამ რეგულაციის გამო ავტოდილერებმა ნახეს.

გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებელი იაპონურ ავტომობილებს, თავისი ხარისხისა და ფასიდან გამომდინარე ანიჭებდა უპირატესობას ბაზარზე, ამიტომ, ისინი ძალიან კარგად იყიდებოდა. ამჟამად რა ხდება? - ბაზარზე მოიმატა ამერიკიდან შემოსული ავტომობილების რიცხვმა, რომელთა 50%-ს საბუთში უწერია, რომ ეს არის junk ანუ ჯართი ან write off ჩამოწერილია.

შეიძლება ეს ბევრისთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ გავიხსენოთ ცვლილებების მიზანი: ავტოპარკის განახლება, მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლება და ეკოლოგია. რეალურად რა მოხდა? იაპონური ბაზარი ჩაანაცვლა ამერიკულმა. ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა დარჩა იგივე ღირებულების - 3-5 ათას დოლარად შეფასებულ ავტომობილებზე. შედარებით ძველი ავტომობილის განბაჟება გაძვირდა და შესაბამისად გაიზარდა მათი თვითღირებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავია. ხოლო იმის გამო, რომ მოსახლეობის შემოსავლები არ შეცვლილა და მოთხოვნა ისევ დაბალბიუჯეტიან ავტომობილებზეა, გამოსავალი გამოინახა შედარებით "ახალგაზრდა" მაგრამ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების ჩამოყვანით. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრილი ავტომობილი, რომლებიც ექვემდებარება აღდგენას. ხდება აუქციონის წესით მათი დაბალ ფასად შეძენა და საქართველოში იმპორტი. შემდეგ ხდება მათი ადგილზე აღდგენა, რემონტი, რესტავრირება და ბაზარზე რეალიზება. ახლა ძალიან მარტივად შეგვიძლია შევაფასოთ ასეთი ავტომობილი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით თუ ავტომობილი რომელიც ტექნიკურად გამართულია და არ არის ნაავარიები, მაგრამ უბრალოდ საჭე აქვს მარჯვნივ. რაც უფრო დრო გავა, შეფასებაც უფრო მარტივი იქნება და ყველასთვის თვალსაჩინო".

ემა ტუხიაშვილი