ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაბა წაღვერში და სოფელ დაბაში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან იუწყებიან, ადგილზე სამუშაოებს დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი გაეცნო.
მისი თქმით, პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს დაიწყო და წელს შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე გაგრძელდა.
„ამჟამად არმირებული ბეტონი სოფელ დაბაში მე-2 მონაკვეთზე იგება, წაღვერში კი, თამარ მეფის ქუჩის I ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩის II ეტაპის სამუშაოებისათვის გამოცხადებულია ტენდერიც და გზის საფარი მთლიან ქუჩაზე მოწესრიდგება. საკურორტო ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს დამსვენებლის მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის განვითარებას სოფლებში“, - განაცხადა გამგებელმა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გასულ წელს სოფელ დაბაში მოასფალტდა 1 მონაკვეთი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახიდე გადასასვლელს, 135 გრძივ მეტრზე მოეწყო ტროტუარები. დაბა წაღვერში კი არმირებული ბეტონი I და II შიდა კვარტალურ ჩიხებში დაიგო.
პროექტის მიხედვით, ჯამში 2 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოწესრიგდება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 446 837 ლარი დაიხარჯება.