თბილისის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლება - თბილისი“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას საკრებულოში იბარებს.
ეს გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა ფრაქციის სხდომის შემდეგ მიიღეს, რომელზეც თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე ოფიციალური დოკუმენტაცია წარადგინა.
სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბისას განაცხადა, რომ კარლო ლაფერაძის მიერ მათთვის გადაცემულ დოკუმენტაციას დეტალურად გაეცნობიან.
„გავეცნობით დოკუმენტაციას. იურიდიულად შესაძლოა ყველაფერი დალაგებულია, თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი რამ, აქამდე მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებოდა ოპოზიცურ ფრაქციებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს, დღეს კითხვები უჩნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოიკვლია და შესაბამისი შუალედური დასკვნა პროკურატურაში გადააგზავნა. დასკვნაში საუბარია, რომ აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა იყოს კორუფციული გარიგება ფარცხალაძესა და თბილისის მერიას შორის, ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერი საკრებულოში აუცილებლად უნდა მობრძანდეს. დავით ნარმანიამ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი, რატომ მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, საქმის დეტალების მიხედვით, თბილისის მერიაში 2014 წელს დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება დასრულდა მაშინ, როდესაც 2016 წელს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კომპანია BSR-CDG Development 100%-იანი წლის მფლობელი გახდა.
„2016 წლამდე თბილისის მერიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. არა თუ თბილისის მერიამ, ეკონომიკის სამინისტრომ რვა თვის განმავლობაში, როდესაც იმ პერიოდში მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახლდათ, არ მიიღო გადაწყვეტილება და საკითხი თბილისის მერიას უკან დაუბრუნა. ასე რომ, ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა იქნეს გაცემული და ამ კითხვების ერთადერთი ადრესატი გახლავთ დავით ნარმანია“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, დღეიდან ფრაქცია საკრებულოში თბილისის მერის მისაყვანად ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ოპოზიციის მიერ თბილისის მერის საკრებულოში დაბარების ეს მესამე შემთხვევა იქნება.