დავით მათიკაშვილი - მიწასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება ისეთი ნორმატიული ბაზა შექმნილი, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს საზოგადოებას

მიწასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება ისეთი ნორმატიული ბაზა შექმნილი, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს საზოგადოებას , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გლდანში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვამ რეგიონებიდან თბილისში გადმოინაცვლა. მათიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ განხილვაზე იყო საინტერესო მოსაზრებები, კრიტიკული კითხვები და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალის საკითხს, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მთლიანი სულისკვეთება მიწასთან, როგორც ამოწურვად რესურსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ერთიანია.

,,აქ კონსენსუსია ყველა მონაწილე მხარის მხრიდან, რომ უნდა არსებობდეს ისეთი რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის მიწას. სისტემა უნდა შეიქმნას ისე, რომ მომავალმა თაობამ ამ რეგულაციებით შესაბამისი სარგებელი მიიღოს და არ უნდა ჩავწეროთ ჩვენ ისეთი რამ კონსტიტუციაში, რომელიც ჩვენი განვითარების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ამიტომ ამაზე მიმდინარეობს აქტიური დისკუსია, მსჯელობა, აუცილებლად ორგანული კანონის დონეზე დარეგულირდება ეს საკითხი და აუცილებლად იქნება ისეთი ნორმატიული ბაზა მიწასთან დაკავშირებით შექმნილი, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს საზოგადოებას", - განაცხადა მათიკაშვილმა.