გიორგი კვირიკაშვილი: სომხეთთან სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს

”მიუხედავად იმისა, საგარეო პოლიტიკაში არის თუ არა თანხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის, სომხეთი ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა,” - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სადაც საქართველო-სომხეთის ერთობლივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

"სომხური მხრიდან ჩამოსულები არიან სომხეთის ეკონომიკის მინისტრი და ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, საგარეო პოლიტიკაში არის თუ არა თანხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ორიენტირი გვაქვს, სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა არის მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის. წინა წელს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა - 160%-მდე, ეს არის თითქმის ნახევარ მილიარდდოლარიანი სავაჭრო ბრუნვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის სხვადასხვა გეოგრაფიული დასახელების ავთენტურობა საქართველოსათვის ევროკავშირში, ასევე გარკვეული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის საკითხები, სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სომხეთთან ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება და ამ მხრივ, ახალი ხელშეკრულების მომზადებაც არის საჭირო.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბაგრამ ავანესიანმაც. მისი თქმით, კომისიის დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი არის რამდენიმე სერიოზული წინადადების განხილვა, რომლებიც მოიცავს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას იმისთვის, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, თუმცა ახლაც საკმაოდ დინამიურად ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, - განაცხადა ავანესიანმა.