დიმიტრი ქუმსიშვილი „ვატელის“ საერთაშორისო ტურისტული უნივერსიტეტის პრეზენტაციას დაესწრო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ვატელის“ საერთაშორისო ტურისტული უნივერსიტეტის პრეზენტაციას დაესწრო.

„ვატელის“ ბიზნეს სკოლის შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ, რომ სამართავად ჩაიბარონ სასტუმროები, რესტორნები და ტურიზმის სხვა მიმართულების ობიექტები,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ვატელის“ ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, „ვატელის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ჟულიენ ლისკუე, აგრეთვე „ვატელის“ ადგილობრივი პარტნიორის, კომპანია Block Invest-ის დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, ტურისტული სერვისების ზრდას ითვალისწინებს. მისი თქმით, ტურისტების მიერ ჩვენს ქვეყანაში დახარჯული თანხა მომსახურების ხარისხის ზრდის კვალდაკვალ უნდა გაიზარდოს.

„ვატელი“ არის ნომერ პირველი, საუკეთესო ბიზნესსკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამავრებული. „ვატელს“ 35 წლიანი არსებობის მანძილზე 100%-იანი დასაქმების სტატისტიკა აქვს. საქართველოში „ვატელ ჯგუფი“ Block Invest-ის და SEU- ს დახმარებით შემოდის.