გახშირებული ავტოავარიების, უცხოეთიდან ძალიან მოძველებული მანქანების მუდმივი შემოდინებისა და ავტოპარკის დაძველების გამო ქვეყანაში მომრავლდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვეღარ დადის და ქალაქის ქუჩებში წლობით უქმად არის გაჩერებული.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯართად ქცეული მანქანების რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს 2018 წლიდან, როცა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შევა ძალაში.
მაშინ, როცა დედაქალაქში მანქანების რაოდენობა ბევრად აღემატება საპარკინგე ადგილის რაოდენობას, დიდ პრობლემას ქმნის ეზოებში, კორპუსებთან, ქუჩებში მუდმივად მდგომი ავტომობილები, რომლებიც თვეების განმავლობაში იკავებენ ადგილს. მათი 99% საერთოდ გამოუსადეგარია.
პრობლემა აშკარაა, თუმცა კანონში არ არსებობს არავითარი რეგულაცია ჯართად ქცეული მანქანის მფლობელთათვის. ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ როგორ შეიძლება შეიზღუდოს და რა სანქციები დაწესდეს ავტომობილებისათვის, რომლებიც უკვე გამოუსადეგარია და მთელი ქალაქის მასშტაბით ადგილს იკავებს.
ეზოში წლების განმავლობაში უფუნქციოდ მდგომი ავტომობილი დისკომფორტს უქმნის ნინაკა ბეროძეს, რაც ის საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა, მას შემდეგ ამჩნევს, რომ რამდენიმე მანქანა თითქმის უმოძრაოდაა, მათგან ერთ-ერთი, "ვოლგის" მარკის ავტომობილი ერთხელაც კი არ დაძრულა ადგილიდან. ეს უკვე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, რადგან მანქანების რაოდენობა მატულობს, საპარკინგე ადგილები კი თითქმის აღარ არის.
"6 წლის წინ სახლი შევიცვალეთ. რაც ახალ კორპუსში გადმოვედი, მას შემდეგ ეზოში დგას "ვოლგა", რომელიც არც ერთხელ არ გაუყვანია მფლობელს და ეჭვი მაქვს, არც არის ვარგისი. ყოველთვის, როცა საღამოს სახლში ვბრუნდები და მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ მხვდება, საშინლად ვბრაზდები მის მეპატრონეზე. კერძო სახლი და ეზო რომ ჰქონდეს ან ფარეხი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა პრობლემა არც "ვოლგის" და არც ლიმუზინის გაჩერება, მაგრამ ეს მეზობლების საერთო ავტოსადგომია, სადაც მანქანების რიცხვი მკვეთრად აღემატება საპარკინგე ადგილს.
დიდი იმედი მაქვს, კანონს შემოიღებენ, აკრძალავენ ან რამე ჯარიმას დააკისრებენ იმ ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც აშკარა ჯართს ცოცხალი თავით არ ყიდიან და არ იცილებენ თავიდან", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნინაკა ბეროძემ.
გამოუსადეგარ და უკვე ჯართად ქცეულ მანქანას ფლობს ბერდია გეგენავა. მან ზუსტად იცის, როგორი დისკომფორტია მეზობლებისათვის მუდმივად სადგომზე მდგარი "ჟიგული", როცა ადგილი ისედაც არ არის, სადაც მანქანის გაჩერება მოხერხდება. მიუხედავად ამისა, გარდაცვლილი მამის ავტომობილს ოჯახი ვერ ელევა.
"მამაჩემის დანატოვარი "ჟიგული" მყავს, რომლითაც გადაადგილება შესაძლებელია, მაგრამ წლებია, არც კი დამიქოქავს. მამა 14 წლის წინ გარდაიცვალა და მაშინაც კი ძალიან მოძველებული იყო, მით უფრო ახლა. რამდენიმეჯერ ვთქვი სახლში, გავყიდი ან ჯართში ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ დედა და მამიდა კატეგორიულად მეწინააღმდეგებიან - მამაშენის დანატოვარია და იყოს, რას გიშლისო, არადა, მე თვითონაც მძღოლი ვარ და ყოველ ღამით ვხედავ, რამხელა პრობლემაა, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებული მანქანას ვერსად აჩერებ.
ბენზინის გაძვირების შემდეგ მუდმივად ეზოში მდგარი მანქანები ისედაც მომრავლდა და წარმომიდგენია, რამხელა დისკომფორტია მეზობლებისთვის, გაჩერებული "ჟიგული" ადგილს რომ იკავებს. იმედია, მოვახერხებ და დავიყოლიებ ოჯახის წევრებს, როგორმე შეელიონ ყოვლად გამოუსადეგარ ნივთს, რომელიც დისკომფორტს მიქმნის მეც და კორპუსის მობინადრეებსაც", - აცხადებს ბერდია გეგენავა.
ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ხელმძღვანელი გელა კვაშილავა "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში 150 000 ჯართად ქცეული მანქანაა და სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ მათ მფლობელებს, იმედია, სანქციები დაეკისრებათ მანქანების უვადოდ გაჩერების გამო.
"ტექნიკური დათვალიერება კერძო ავტომობილებისათვის 2004 წლიდან გაუქმდა. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების დიდი ნაწილი, დაახლოებით 150 ათასი ავტომობილი, გაჩერებულია და საერთოდ არ მოძრაობს. გარდა ამისა, არის ავტომობილები, რომლებსაც ძალზე იშვიათად იყენებენ მფლობელები და ისეთებიც, რომელთა ექსპლოატაცია დაუშვებელია ტექნიკური გაუმართაობის გამო. რამდენადაც ახლა ტექდათვალიერება არ არსებობს, კონტროლი შეუძლებელია.
ყველა ქვეყანაში მუშაობს მეორადი ავტომობილების განსაკუთრებული მონიტორინგის პროგრამა, რაც ჩვენთანაც აუცილებლად დასანერგია. გარდა ამისა, შესაცვლელია და ბევრ ხარვეზს შეიცავს პარკინგის შესახებ კანონიც. მაგალითად, ერთჯერადად გადაიხდი თანხას და თვეობით შეგიძლია დატოვო მანქანა შუა ქალაქში. ასეთი რამ არსად ხდება.
სამი ძირითადი პუნქტია, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. პირველი - უნდა მოხერხდეს აღრიცხვა, რათა რეალურად ვიცოდეთ, რამდენი ავტომობილია ქვეყანაში და აქედან რამდენი გაჩერებული. მეორე - კანონი უნდა აკისრებდეს რაიმე სახის სანქციას მფლობელს, რომელიც უვადოდ აჩერებს მანქანას. მესამე და მთავარი კი პარკინგის საკითხის დარეგულირებაა.
როგორც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად შვეიცარიული კომპანია მუშაობს ტექდათვალიერების საკითხზე, ამ ეტაპზე იქმნება საკანონმდებლო ბაზა და კრიტერიუმი. იმედი მაქვს, ამ დაურეგულირებელ საკითხსაც მიეხედება", - აცხადებს გელა კვაშილავა.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"