აუდიტის სამსახური - გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პრემიისა და დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით გაცემას

მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით განსაზღვრული ლიმიტებისა, გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს როგორც პრემიის, ისე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობითა და დაწესებულ ლიმიტზე მეტი სიხშირით გაცემას.

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მომზადებულ მოხსენებაში, რომლის ერთ-ერთი თავი შრომის ანაზღაურებას ეხება.

როგორც აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას და არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების გაწევა ასევე ხდება „სუბსიდიებისა“ და „სხვა ხარჯების“ მუხლებიდანაც. აღნიშნული მუხლებიდან გაწეული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ 53,027 ათასი ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,821 ათასი ლარით გაიზარდა.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, გარკვეულ შემთხვევებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პრემიის გაცემა ხდება მხოლოდ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების გარეშე ან მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მუხლის მითითებით.

„მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით განსაზღვრული პრემიის გაცემის დასაბუთებაში მისათითებელი მონაცემები ნაკლებად ინფორმაციულია და არ იძლევა საშუალებას დადგინდეს, თუ რა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება იქნეს მიღებული დასაქმებული პირის წახალისების გადაწყვეტილება;

მხარჯავ დაწესებულებებში დანამატის გაცემის ფაქტი, რიგ შემთხვევებში დასაბუთებულია დანამატის მიმღები პირის ზეგანაკვეთური მუშაობით ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვით. თუმცა, უწყების მხრიდან ვერ ხდება აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა;

გასული წლების მსგავსად, რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადგილი აქვს უფლებამოსილი პირის მიერ ერთი ბრძანების საფუძველზე, კონკრეტულ თანამშრომლებზე წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნის ფაქტებს, რაც თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის;

ცალკეულ შემთხვევებში, წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობას. შედეგად, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები ან აუთვისებელი რჩება ან ნაწილდება თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების სახით;

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ ხდება მხარჯავი დაწესებულებების ფარგლებში წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის შესახებ ანგარიშგება. შედეგად, გაურკვეველია, რამდენად მოხდა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გეგმური მაჩვენებლის შესრულება და როგორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია “შრომის ანაზღაურების” მუხლით გახარჯულ საბიუჯეტო სახსრებსა და რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რაოდენობას შორის;

შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე „საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან მიმართული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას, ვინაიდან, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე თანხები ასევე მიიმართება „სუბსიდიების“ მუხლიდან, საიდანაც ამ მიმართულებით 2016 წელს ათვისებულ იქნა 7,349 ათასი ლარი;

შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებთან და რაოდენობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტებიდან გამონაკლისის დაშვების სახით გადაცდომის სიხშირისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დგება ზღვრული მაჩვენებლების ქმედითუნარიანობისა და შესაბამისად, მათი გონივრულობის საკითხი;

მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე გამონაკლისის სახით დაშვებული კანონმდებლობით დაწესებული შტატგარეშე მომუშავეთა ლიმიტების გადაჭარბება ინერციულ ხასიათს ატარებს, რის გამოც წლის განმავლობაში საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების ფაქტიური რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება გამონაკლისით დაშვებულ ოდენობას;

არც საბიუჯეტო განაცხადი და არც ბიუჯეტის კანონი არ შეიცავს ინფორმაციას შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების გეგმური მოცულობების შესახებ. ამიტომ, შეუძლებელი ხდება ამ მიმართულებით ფაქტობრივად ათვისებული სახსრების ოდენობის დაგეგმილ მაჩვენებელთან შესაბამისობის შედარება;

საბიუჯეტო უწყებებში შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება ხდება ხანგრძლივი პერიოდით, ამასთან არა დროებითი, არამედ მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესრულების მიზნით, რომელიც თავისი სპეციფიკით, ხშირ შემთხვევაში არ განირჩევა შტატით დასაქმებული თანამშრომლის სამუშაოსგან“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.