10 თვეში მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურდა

მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 10 თვის განმავლობაში მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 53 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში - 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.

ამასთან, საჯარო რეესტრის მარტის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.