ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ვალუტის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო რამოდენიმე წელია, რაც საგრძნობლად გააქტიურდა მსჯელობა ლარის, როგორც ვალუტის სისუსტეზე. ადგილი აქვს მოსაზრებას, რომ დროა გადავიდეთ უფრო მყარ სავალუტო ერთეულზე (დოლარი ან ევრო), რომ ლარი მოძველებული პროდუქტია და სხვა. ამ იდეის აპოლოგეტები გვპირდებიან სტაბილურ გარემოს, ინვესტიციების მოზიდვას და რაც მთავარია ინფლაციის მოთოკვას.
ამ მსჯელობაში მავანს არ სურს თვალი გაუსწოროს რეალობას, რომ მსოფლიოში არსებობს არაერთი წარმატებული ეროვნული ვალუტის მქონე სახელმწიფო - მაგალითად ჩეხეთი, პოლონეთი, ისრაელი, სამხრეთ კორეა, დანია და სხვა სახელმწიფოები. აღარაფერს ვამბობთ შვეიცარიაზე, იაპონიასა, დიდ ბრიტანეთსა, ჩინეთსა თუ ავსტრალიაზე.
არცერთი მათგანი არ ცდილობს ჩაანაცვლოს საკუთარი ვალუტა გლობალური სავალუტო ერთეულით, მანამ, სანამ მათ ხელეწიფებათ მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ექსპორტის წახალისება საკუთარი ეროვნული ვალუტით და სწორი ფულად - საკრედიტო პოლიტიკით.
მიუხედავად ამისა, საქართველოს რეალობა სხვაგვარია და რიგი პოლიტიკოსი თუ ეკონომისტი ამ ნაბიჯის გადადგმას და დოლარსა თუ ევროზე გადასვლას დაუყონებლივ მოითხოვს..
ამ მხრივ მიზენშეწონილია განვიხილოთ თუ რა სავალალო შედეგს გამოიღებს სუსტი ეკონომიკისა და უარყოფითი ექსპორტ - იმპორტის მქონე ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის მოუმზადებლად გადადგმა, რისთვისაც ცხოვრებისეულ მაგალითს - არგენტინას გამოვიყენებთ.
არგენტინას გააჩნია ფულადი არასტაბილურობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია, რომელსაც თან სდევდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები, რომლის სიდიდე ზოგჯერ წელიწადში 1000 პროცენტსაც კი აჭარბებდა. ინფლაციური სპირალის დასრულების მიზნით, არგენტინამ მიიღო გადაწყვეტილება და არგენტინული პესოს კურსი მიაბა აშშ დოლარის კურსს (კურსის ფიქსაცია) - ეს 1991 წლის აპრილში განხორციელდა. ამ მექანიზმს სავალუტო საბჭო ეწოდა, ანუ თუ ჰქონდა სურვილი დოლარის შეძენის - არგენტინის მოქალაქეს შეეძლო მის ხელთ არსებული პესო ან დოლარი ეროვნულ ბანკში დოლარში გადაეცვალა ფიქსირებული კურსით.
საწყისს ეტაპზე ამ მექანიზმა მართლაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. 1990 წელს არსებული წლიური 800 პროცენტიანი ინფლაცია სულ რამოდენიმე წელიწადში - 1994 წელს - 5 პროცენტამდე დაეცა. ამან ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას, საშუალოდ თითქმის 8% წელიწადში 1991 წლიდან 1994 წლამდე. არგენტინა მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და რიგი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის თითით საჩვენებელი და სამაგალითო ქვეყანა იყო.
მაგრამ, 1994 წელს ლათინური ამერიკის ზოგ ზოგიერთ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ კრიზისს. ის მექსიკაში დაიწყო და მალე მთელ რეგიონს მოედო.
ამ კრიზისის გამო მოსახლეობამ დაიწყო დეპოზიტების ბანკებიდან გამოტანა, რამაც არგენტინის საბანკო სექტორში დეპოზიტების ოდენობა 18% შეამცირა. ამას თან დაერთო არასტაბილურობის და უნდობლობის განცდა და მოხდა დეპოზიტების და ფულადი სახსრების დოლარში გადაცვლის ტემპისა და ოდენობის მკვეთრი ზრდა.
შედეგად, არგენტინაში დაიწყო მძიმე ეკონომიკური კრიზისი, მშპ შემცირდა 5%, ხოლო უმუშევრობის დონე 15% -ს გადასცდა.
მხოლოდ 1996 წელს არეგენტინის ეკონომიკა იწყებს აღდგენას. იმის გამო, რომ არგენტინაში მოქმედებდა ფიქსირებული სავალუტო კურსი, მისი ცენტრალური ბანკის ფაქტიურად ვერ ახორციელებდა მონეტარულ პოლიტიკას.
იმის გამო, რომ არგენტინის სავალუტო საბჭომ არ დაუშვა ცენტრალური ბანკის მიერ პესოს ემისია და რესურსის ბანკებზე მიწოდება - ცენტრალურმა ბანკმა ვერ შეძლო ბოლო ინსტანციის მსესხებლის ფუნქციის შესრულება.
ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, არგენტინის ქებაში გართული საერთაშორისო სტრუქტურები დაიძრნენ მის დასახმარებლად - 1995 წელს, საერთაშორისო სააგენტოების, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკის დახმარებით, არგენტინა იძულებული გახდა აეღო 5 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი, რათა გადაერჩინა საკუთარი საბანკო სისტემა გაკოტრებისგან. თუმცა ეს მოკლევადიანი ამოსუნთქვა აღმოჩნდა...
1998 წელს დაიწყო ახალი და უფრო ძლიერი ეკონომიკური კრიზისი. 2001 წლისთვის არგენტინაში უმუშევრობამ 20 % გადააჭარბა. ამას მოჰყვა სამოქალაქო დაპირისპირება, საბანკო კრიზისი (რიგი ბანკი გაკოტრდა) და მთავრობის არაერთი ცვლილება.
ეს ყველაფერი ქვეყნის გაკოტრებით ანუ დეფოლტით დაგვირგვინდა, რადგან აღებული წინა და ახალი ვალების მომსახურება ფიქსირებული კურსის გამო არგენტინამ ვერ შეძლო და უარი განაცხადა 150 მლრდ აშშ დოლარის საგარეო ვალის დაფარვაზე.
იმის გამო, რომ სავალუტო საბჭო უკრძალავდა არგენტინის ეროვნულ ბანკს არგენტინის პესოს ემისიას, არგენტინის ცენტრალურ ბანკს არ გაჩნდა ფულად - საკრედიტო ბაზარზე მოქმედების ქმედითი საშუალება. მას არ შეეძლო მონეტარული პოლიტიკის გამოყენება ეკონომიკის გაფართოებისა და მისი კრიზისიდან გამოყვანა.
შედეგმა არ დააყოვნა - 2002 წლის იანვარში არგენტინის სავალუტო საბჭოს მექანიზმი საბოლოოდ ჩამოინგრა და არგენტინული პესო 70% -ით მეტი გაუფასურდა. ამას მოჰყვა არგენტინაში სრულმასშტაბიანი საფინანსო - ეკონომიკური კრიზისი, რომელიც აწ უკვე 15 წელია მძვინვარებს ქვეყანაში და ხასიათდება - ჰიპერნფლაციით, ეკონომიკური დეპრესიით და ეკონომიკის ვარდნით.
ამ მხრივ გავიხსენოთ 2014 – 2016 წწ საქართველოს გარშემო სიტუაცია - აშშ დოლარის გლობალური განმტკიცება, თურქეთის კრიზისი და ლირის დევალვაცია, რუსეთის ვალუტის დევალვაცია, უკრაინის სავალუტო კრიზისი, აზერბაიჯანის საბანკო სისტემის პრობლემები და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ თუ რა გველოდა, რომ ჩვენ ამ კრიზისს ლარის ფიქსირებული კურსით დოლარზე თუ ევროზე (ან თუნდაც პირდაპირ დოლარით ან ევროთი) დავხვედროდით...." - წერს ასლანიშვილი.