ივნისიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში იმ პირების რეგისტრაცია დაიწყება, რომელთაც ახალი პროფესიის შეძენა, ან თავისივე პროფესიაში გადამზადება სურთ. სახელმწიფო ვაუჩერულად დააფინანსებს მათ 2-4 თვიან სწავლებას პროფესიულ კოლეჯებში.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.
”სამუშაოს მაძიებლებს და არა მარტო მათ, შესაძლებლობა ექნებათ შრომის ბაზარზე მოთხოვნად 98 პროფესიაში გადამზადდნენ. რამდენად მზად არიან კერძო თუ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები პროგრამაში ჩასართავად - ამ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე სააგენტოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა. მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვის სურვილი 50-ზე მეტმა სასწავლებელმა გამოთქვა. პროგრამის ბიუჯეტი წელს 2 მლნ 14 ათასი ლარია და სააგენტო გეგმავს, წლის ბოლომდე მსურველების 2 ნაკადი დააკმაყოფილოს”, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.