თურქეთის მთავრობამ Twitter-ი დაბლოკა

თურქეთის მთავრობა სოციალურ ქსელებს ებრძვის. უკვე დაბოლკილია Twitter-ი და ადგილობრივი მედია წერს, რომ მალე, სავარაუდოდ, სხვა სოციალურ ქსელებსაც იგივე ბედი ელით.

”არ მაინტერესებს, რას იტყვის საერთაშორისო საზოგადოება. ყველა დარწმუნდება თურქეთის რესპუბლიკის ძალაში,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

მან მომხმარებლებისთვის Twitter-ზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გადაწყვეტილება პირადად მიიღო და გააუქმა მიკრობლოგინგის სერვისი მას შემდეგ, რაც მომხმარებლები მას მთავრობაში კორუფციის ფაქტების გამოსავლენად იყენებდნენ, მათ შორის პირადად ერდოღანის მხილებისთვისაც.

კერძოდ, ქსელში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც ერდოღანი საკუთარ ვაჟს აფრთხილებს, საეჭვო თანხა თავისი და სხვისი სახლებიდან გადამალოს. ეს ჩანაწერი იმ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, რომლის თანახმად, პოლიცია ფართომასშტაბიან რეიდს გეგმავდა კორუფციის ფაქტების გამოძიების ფარგლებში.

ერდოგანმა განაცხადა, რომ ჩანაწერი ყალბი იყო. თუმცა, ფაქტია, რომ მოახლოებული არჩევნების წინ, რომელიც 30 მარტს უნდა გაიმართოს, თურქეთში twitter-ი დაიბლოკა.

Twitter-ს თურქეთში 10 მილიონამდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ კომპანიას ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა, მომხმარებლებს ტვიტების განთავსების ალტერნატიული გზის ინსტრუქცია შესთავაზა. კერძოდ, მომხმარებლებს შეუძლიათ ტვიტები SMS-ის საშუალებით განათავსონ.

Turkish users: you can send Tweets using SMS. Avea and Vodafone text START to 2444. Turkcell text START to 2555.

— Policy (@policy) March 20, 2014