საკაბელო ოპერატორებმა 6 ქართული ტელეარხი შესაძლოა საპროტესტოდ რამდენიმე საათით გათიშონ

საკაბელო ოპერატორებმა 6 ქართული ტელეარხი შესაძლოა საპროტესტოდ რამდენიმე საათით გათიშონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკაბელო ოპერატორების სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული 30-მდე პირი, მათ შორის, მსხვილი საკაბელო ოპერატორები დაესწრნენ.

თეონა ბერუაშვილის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა ქართული ტელეარხების კომერციულ დისტრიბუციასთან დაკავშირებული საკითხები იყო. „საკაბელო ოპერატორებმა თავისი შეხედულებები გამოთქვეს. არც ერთი მათგანი არ ეთანხმება კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნას ქართული ტელეარხების ტრანზიტის საფასურის დაწესებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბერუაშვილმა.

მისივე თქმით, „მედია რაითს ჯორჯიადან“ მიღებული ბოლო წერილის თანახმად ირკვევა, რომ ის ითხოვს საფასურს მაუწყებლობის ტრანზიტისთვის და არა გადახვევა-დაპაუზებისთვის, როგორც ამას თავიდან აცხადებდნენ.

„მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნაა, ერთი მოწყობილობისთვის მოხდეს 4 ლარის გადახდა დღგ-ს გარეშე, შესაბამისად, თანხა უფრო იზრდება, რადგან აბონენტიდან თანხის აღება ხდება დღგ-ს ჩათვლით“, - განაცხადა ბერუაშვილმა.

მისივე თქმით, საკაბელო ოპერატორები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მიმართავენ წერილობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა მოხდეს გაფართოებულ ფორმატში სხდომის მოწვევა, რომელსაც საკაბელო ოპერატორები, კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

„შევიმუშავებთ საერთო მემორანდუმს, რომლის შედგენა მოხდება უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში. მასში აისახება საკაბელო ოპერატორების პოზიციები. ამასთან, უნდა ვაცნობოთ ასევე იმ საკაბელო ოპერატორებს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრნენ, რომ მოხდეს აღნიშნული 6 არხის საპოტესტო გათიშვა რამდენიმე საათით“, - განაცხადა ბერუაშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ რამდენიმე ათეულ საკაბელო ოპერატორს შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“ წერილი მიუვიდა, რომლის თანახმადაც, კომპანია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებდა ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების - „იმედი“, „რუსთავი 2“, „ჯიდიესი“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“ კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში. წერილში „მედია რაითს ჯორჯია“ ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. ამის შემნდეგ კომპანია ”სილქნეტმა” აბონენტები საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ გააფრთხილა.