ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი პარლამენტს ქალაქის ტურისტულ და გასართობ ცენტრებად დაყოფის წინადადებას სთავაზობს, სადაც აკუსტიკურ ხმაურზე ჯარიმები არ გავრცელდება.მისი კიდევ ერთი წინადადება ხმაურთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების გადავადებას ეხება.
როგორც ზურაბ ძნელაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბიზნესი პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მათ საკუთარი წინადადებები გააჩნიათ.
“ღია ტიპის დაწესებულებას, რომელიც არის ვერანდაზე, ტერასაზე, დახურვა ან გადაწყობა მოუწევს. რაც შეეხება დახურულ დაწესებულებებს, მათაც მოუწევთ მუსიკის დაწევა და პროფილის შეცვლა ან ყველაზე კარგ შემთხვევაში, ხმის დამხშობი მოწყობილობების გაკეთება. ეს ჯდება გარკვეული ხარჯები და სჭირდება დრო. ისინი კანონის ამოქმედების მხრივ გონივრულ ვადებს ითხოვენ“, - განაცხადა ძნელაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, თუმცა დეპუტატების კითხვის პასუხად ვერ დააკონკრეტა, რა ვადაა გონივრული და აღნიშნა, რომ “ეს ინდივიდუალურია“.
კიდევ ერთი საკითხი, რაც პროექტის განხილვისას ზურაბ ძნელაშვილმა დასვა, იყო ის, რომ მუნიციპალურ ორგანოებს ტურისტული ზონირების შესაძლებლობა მიეცეთ - მოხდეს ქალაქის ტერიტორიის ტურისტულად აქტიურ და გასართობ ზონებად დაყოფა და იქ, სადაც აქტიურია ღამის ცხოვრება და თავმოყრილია გასართობი ცენტები, სანქცია არ გავრცელდეს.
“პირობითად, შეიძლება მაგალითად, შარდენის ან ერეკლეს ქუჩას ტურისტულად აქტიური, გასართობის ზონის სტატუსი მიენიჭოს და ამ ქუჩებზე ასეთი რეგულაცია არ გავრცედეს“, - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა. გარდა ამისა, მან პარლამენტს შესთავაზა, რომ სანქცია სამშენებლო სამუშაობით გამოწვეულ ხმაურზე არ გავრცელდეს.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით.
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის.
ასევე, კანონპროექტის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2018 წლის 1 აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.
სანქციების ამქოედების თარიღი 2017 წლის 1-ელი ივლისია.
პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია, სალომე ზურაბიშვილი.