ნიკა კაპანაძე 17 წლისაა და ბევრი თანატოლისგან ძალზე განსხვავებული.
ის ტურიზმითაა დაინტერესებული. ჭიათურა, გარდა მანგანუმის უმდიდრესი საბადოსი, კარგად ცნობილია კაცხის სვეტითა და ძუძუანას მღვიმით. თუმცა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში იმდენი გამორჩეული ბუნებრივი და ეთნოგრაფიული ძეგლი ყოფილა, მათ შესახებ, მარტო ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება არ კმარა.
ნიკას ტურიზმით დაინტერესება მკვლევარ გიორგი დვალაშვილის სახელს უკავშირდება, მაგრამ საფუძველი მაინც ოჯახურია. მამა, ვალერი კაპანაძე ჭიათურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალია და შვილების განვითარებას მაქსიმალურად უწყობს ხელს. ნიკამ იცის, რომ საქართველო, როგორც უმდიდრესი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანა, უხსოვარი დროიდან მრავალ მოგზაურს, ვაჭარსა თუ დამპყრობელს იზიდავდა და თანამედროვე ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თუ ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის განმტკიცებისათვის ამ სიკეთეების სრულად გამოყენებაა საჭირო.
ის თვლის, რომ დღეს ისტორიულ, არქიტექტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთად, ტურისტულ მარშრუტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნების საოცრებები, რაც ბევრად მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას. ძალიან ძნელია, დიდი ისტორიის მქონე ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ ეთნოგრაფიული ძეგლებით მოხიბლო.
ნიკას უკვე ისეთი ცოდნა აქვს, თამამად შეგიძლია მიანდო ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელობა ჭიათურის ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად. დახვეწილი ქართულის გარდა, ფლობს საკომუნიკაციო ინგლისურსაც.
ბევრ გეოგრაფიულ ობიექტს ბუნების ძეგლის სტატუსი არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრიტერიუმით შეიძლება პრომეთეს მღვიმეს გავუტოლოთ მანდაეთის მღვიმე, არანაკლებია "კოტე" "ზეზვაზე"...
გასული წლის ადრიან შემოდგომაზე, ნიკა დიდ ჯგუფთან ერთად, რაჭის ქედისკენ მოწყობილ ხრეითის ექსპედიციაში აქტიურად ჩაერთო და ქალაქიდან 18 კილომეტრში ისეთი სანახაობები დაათვალიერა, რომ დღესაც შთაბეჭდილების ქვეშაა. მოქანავე ლოდი, მღვიმეები, მიწისქვეშა და კარსტული ტბები უნიკალურ ბზის კორომთან ერთად, ერთ დღეში შეიძლება დაათვალიერო. წალენჯიხის "სიამაყედ" ცნობილ "ქუაქანცალიას" ჭიათურული "ქვაყუნტია" ოდნავ ჩამორჩება წონით. მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მოქანავე ლოდი მაგმური წარმოშობისაა, ხოლო "ქვაყუნტია" კირქვულია, რაც მის უნიკალურობას განსაზღვრავს. ნიკას მარტო ამ ლოდზე კი არა, სხვა ღირსშესანიშნაობებზეც დამაჯერებლად შეუძლია საუბარი. მოქანავე ლოდის სიახლოვესაა მრავალსართულიანი მღვიმე, კარსტული ჭები და ტბები. აქვე გეტყვით ნიკა, რომ ლეგენდა სოლომონ მეორის განძის, ხრეითის ტბის ფსკერზე არსებობის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა (სოლომონ მეორე საჩხერელი ებრაელისგან ნასესხები ფულით გაერიდა რუსულ აგრესიას, პერანგას მთიდან თურქეთისკენ) და არანაირი აზრი არა აქვს ფსკერის "ჩხრეკას"...
თუ მუხლი გერჩით, მაშინ გაჰყევით პატარა მოგზაურს საწალიკე მთისკენ 5-კილომეტრიან გზაზე და იქიდან ზემო იმერეთის ულამაზეს პანორამას გიჩვენებთ. მართალია, ნიკას მიდევნება გაგიჭირდებათ, მაგრამ აჩქარებულ გულს საწალიკედან დანახული მშვენება ყველაზე კარგად დაგიმშვიდებთ!
თამარის მეფობის შემდეგ საქართველოს დაკნინების შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ძალიან ცოტას სმენია, რომ მონღოლთა ბატონობის დროს, რაჭის საერისთავო გაძლიერდა და მდინარე ყვირილას ხეობამდე გაფართოვდა. მღვიმევში აფრიკელი მამების მიერ აგებულ VI-VII საუკუნის საყდარს რაჭის ერისთავებმა ულამაზესი მღვიმევის ტაძარიც მიუმატეს და ამ ტაძრებს ყოველწლიურად ბევრი მნახველი ჰყავს. ამ ტაძრების იქით თითქოს, ტურისტისთვის საინტერესოც არაფერი უნდა იყოს, მაგრამ ცოტამ იცის ძუძუანას მღვიმის შესახებ, სადაც სელისა და შალის ნარევი ძაფია აღმოჩენილი. მართალია, მოგზაურებს ცოტა კი გაურთულდებათ საცალფეხო ბილიკების გავლა, მერე ეკალ-ბარდებისგან თავის დაცვა, მაგრამ თუ ნეკრისას გადალახავთ (იგივე მღვიმევის წყალწითელა), უკვე იმ ადგილას მოხვდებით, სადაც 34 ათასი წლის წინ საფეიქრო წარმოებაც არსებობდა და ტანსაცმელსაც კერავდნენ! თურმე, ნუ იტყვით და, ჭიათურაში მღვიმეების რაოდენობა საქართველოს კარსტების სრული ოდენობის 10%-ია, ოღონდ, მათ მოწყობა და პოპულარიზაცია ესაჭიროება!
სპელეოტურიზმი ნიკასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგად ახსოვს, როგორ წავიდა ერთხელ "საჩქეფიაზე" მეგობრებთან ერთად, როგორ დაუგეგმავად შევიდნენ "ორთვალა კლდეში" ერთი ფარნიანი ტელეფონის იმედად და საღამოს, დაქანცულები მიბრუნდნენ შინ, სადაც მოლოდინით სავსე მშობლები ელოდნენ: ჭიათურელ მიკლუხო მაკლაის, პჟრევალსკის, მაგელანს თუ თანამედროვე რაფიელ დანიბეგაშვილებს!
"ძუძუანას მღვიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს უკვე ატარებს. აქ აღმოუჩენიათ უნიკალური ძაფი, რომელიც 5 ათასი წლით უსწრებს ჩეხურ ჭინჭრის ძაფს, რომელიც თავის მხრივ, 29 ათას წელს მოითვლის. იქ აღმოჩნდა ზედა პალეოლითური ხანის 4 მეტრამდე სისქის ნასახლარი. ამ ძეგლით დაინტერესდნენ ამერიკელი მეცნიერი ბარ იოზეფი (რომელსაც ქვის ხანის შესწავლის პატრიარქს უწოდებენ) და ისრაელის ჰებრონის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, ანა ბელფერ კოენი. ქართველმა პალეონტოლოგმა ელისო ყვავაძემ ახალ ტექნოლოგიას მიაგნო და მძლავრი მიკროსკოპით დაინახა დართული ძაფის ბოჭკოს უმცირესი ნაწილაკები. ძაფში სელის ბოჭკო ტექნოლოგიურად არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და მოქსოვილი. ძუძუანას მღვიმეში 8 ფენაა დაფიქსირებული და შვიდი ფენა ზედა პალეოლითს მიეკუთვნება. ამ დროისთვის, ადამიანები მატრიარქალურად ცხოვრობდნენ ბუნებრივ მღვიმეებში და გუნდში ყველამ იცოდა, ვინ იყო დედა, ხოლო მამა ვინ იყო - ეს არ გახლდათ მნიშვნელოვანი! მღვიმე 175 მეტრამდე სიღრმისაა. პირველი სართული ადვილი დასალაშქრავია, მეორე კი ყველა მსურველს ვერ მიიღებს, რადგან იქ გამოცდილებაც საჭიროა და სპეციალური აღჭურვილობაც! პირველ სართულზე შესვლისას ცოტა სიფრთხილეა საჭირო, იქ არქეოლოგიური ჭრილი წყლითაა სავსე", _ ასრულებს ძუძუანაზე საუბარს ნიკა, მაგრამ თუ დაინტერესდებით, აუცილებლად მოგიყვებათ ცხოველთა იმ სამყაროზეც, რომელიც 34 ათასი წლის წინ ამ ქვაბულის სიახლოვეს ცხოვრობდა.
ანტიკურ პერიოდში, ჭიათურის ტერიტორიაზე ორი ქალაქი ყოფილა: ითხვისი და სვერი. სვერზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზის ერთი განშტოება. შორეული აღმოსავლეთიდან შორაპნამდე, სვერის გავლა აუცილებლად უწევდათ ვაჭრებს. სოფელში ახლაც ნახავთ შთენილ კლდეზე აგებულ არაბების შემოსევების დროინდელ ციხეს, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი "მტრისაგან აროდეს ძლეულს" უწოდებს "საქართველოს სამეფოს აღწერაში". თუ დაგაინტერესებთ, ამ ციხეზეც გიამბობთ ნიკა...
ამ ციხიდან არცთუ ისე შორსაა ორი მღვიმე: კუდურების კლდე 280-მეტრიანი სიგრძით და კოტიას გამოქვაბული,
300 მეტრამდე სიგრძით. ამ მღვიმეში აღმოაჩინეს "კოტე", საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ადამიანის ნეშტი, რომლის გენის კვლევისას უცნობ გენეტიკურ კომპონენტს მიაკვლიეს. აღმოჩენა ადასტურებს, რომ სამხრეთკავკასიური გენი თანამედროვე ევროპელის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. ნიკა მზადაა, ჰომო საპიენსების შესახებაც უამბოს მსმენელებს. მართალია, ბევრი ინფორმაციის მოსმენა მოუწევს "ზედმეტად დაინტერესებულს", მაგრამ იმას მაინც დაიმახსოვრებს, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები "გონიერი ადამიანის" სრულიად განსხვავებულ, უძველეს შტოს წარმოადგენენ, რომლებიც 15 ათასი წელი იზოლირებულად ცხოვრობდნენ საქართველოში! მათგან ერთ-ერთი გახლდათ "კოტე", რომელიც განსაკუთრებულად დაუკრძალავთ: ჩონჩხს დაჩეჩქვილი აქვს თავის ქალა და ფეხის ტერფები, მკერდში გაყრილი ჰქონდა ცხოველის ნეკნი. ზუსტად ასეთი ფორმით დაკრძალული ნეშტი აღმოუჩენიათ დანიაშიც!
თუ ტურისტი დაინტერესდება, "კოტიას გამოქვაბულიდან" არც ისე შორს მდებარეობს "კლდეკარი", სადაც თურმე, ცნობილი რევოლუციონერი აფრასიონ მერკვილაძე აფარებდა თავს. უბრალოდ, იქ მოსახვედრად დიდი სიფრთხილეა საჭირო და მხოლოდ ექსტრიმის მოყვარულებს თუ გაუწევს რეკომენდაციას.
შესაძლოა, ისეთი ადამიანიც მოხვდეს ჭიათურაში, ვისაც ანთროპოგენური ლანდშაფტები დააინტერესებს. საბჭოთა კავშირის დროს არსად ყოფილა იმხელა ტექნოგენური მეწყერი, რამხელაც ჭიათურის ტერიტორიაზეა. აქვე გახლდათ ფირანას უფსკრულიც, რომელიც მოგვიანებით ფუჭი ქანებით ამოავსეს...
ტურისტს თუ მოუნდება სიმღერის მოსმენა, ქართულ სიმღერასაც შემოსძახებს ნიკა. მართალია, დასავით კარგად ვერ მღერის, მაგრამ ურიგოდ მოსასმენიც არაა მისი ვოკალი! ლექსების თქმაც ეხერხება, მაგრამ უმცროს ძმას ვერ ეცილება პირველობაში და ისევ ტურიზმსა და ვაზის მოვლაში ურჩევნია იყოს პირველი. ჰო, ამათი ძველშავი სახელგანთქმულია და თუ "კაი კაცი" ხარ, იმერულადაც შეგაჟიჟინებენ კაპანაძეები შედედებული სისხლისფერი ღვინით და მერე "იმერული მგზავრულით" გაგაცილებენ!
როლანდ ხოჯანაშვილი
წყარო: gza.ambebi.ge