”ბეზეკი”: თემურ ალასანიამ სადავო ქონებაში 1,8 მილიონი ლარი გადაიხადა

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს თემურ ალასანიასთვის თბილისში 5,5 ჰა მიწის დაბალ ფასში გადაცემას ედავება, - ამის შესახებ სააგენტო bpn.ge -ს კომპანია "ბეზეკის" დირექტორმა, თემურ გაგნიძემ განუცხადა.

აღნიშნული საქმე იმ ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა გამოც გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მოწმის სახით დასაკითხად დაიბარა. როგორც პროკურატურა აცხადებს, 2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით, ბიძისთვის, თემურ ალასანიასთვის უპირატესი უფლების მინიჭებით, სახელმწიფო ქონების უკანონო პრივატიზაცია განხორციელდა.

როგორც გაგნიძემ აღნიშნა, წისქვილკომბინატი ”ბეზეკი” 2007 წლიდან ფუნქციონირებს. მისი თქმით, გაფართოების მიზნით კომპანიამ განაცხადი ობიექტის გვერდით არსებულ არასასოფლო-სამერნეო მიწაზე შეიტანა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი დაკანონება სამი წლის შემდეგ შეძლო.

გაგნიძე ამბობს, რომ მიწის ფართობში ოთხმა მფლობელმა, რომელთა შორის, ერთ-ერთი თემურ ალასანიაა, 1 მილიონ 825 ათასი ლარი გადაიხადა.

კომპანია ”ბეზეკი” უკვე ერთი წელია, არ მუშაობს. როგორც მენეჯმენტი აცხადებს, მიზეზი იაფფასიანი უცხოური ფქვილია, რომელსაც კონკურენციას ვერ უწევენ.