ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მიქელაძემ ბოლო ოთხ თვეში ხელფასისა და პრემიის სახით 16 ათას ლარამდე აიღო , - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი კირთაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი განმარტავს, ირაკლი მიქელაძე აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ბათუმის საკრებულოში ჩატარებულ არცერთ სხდომას არ დასწრებია, იგი საზღვარგარეთ იმყოფება. კირთაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობაში თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
"ირაკლი მიქელაძე ბოლო ოთხი თვეა ბათუმში არ იმყოფება. ნამდვილად არ ვთვლიდი საჭიროდ შემემოწმებინა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ყოველ თვეში საწვავს და პრემიას ვის აძლევდა, არ მეგონა მსგავსი ტიპის სისულელეს თუ გააკეთებდა. ფაქტია, რომ ხარჯი არამიზნობრივია, რადგან კაცმა არ იცის, სად არის მისი მოადგილე ოთხი თვის განმავლობაში და რაში იღებს ხელფასს",- აცხადებს გიორგი კირთაძე.