მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე "პროკრედიტ ბანკის" ფილიალი დაიხურა.
რა გახდა ფილიალის დახურვის მიზეზი, ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსი” ბანკის წარმომადგენელს ესაუბრა, რომლის თქმითაც, "პროკრედიტ ბანკმა" სტრატეგია შეცვალა და ახლა ფილიალების რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
”მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ფილიალი დაიხურა და იქ ჩვენი ფილიალი აღარ იქნება, თუმცა აღმაშენებლის გამზირზე ჩვენი ფილიალი რჩება. დახურვის მიზეზი ფილიალების გადახალისებაა. ზოგადად ფილიალების რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რიგი ფილიალები დაიხურა, რიგი არ დაიხურა, რიგი ფილიალები განახლდა. ბანკის სტრატეგია შეიცვალა და ეს არის მიზეზი. ასე კონკრეტულად ერთი ფილიალის დახურვის მიზეზი არ არსებობს. ბანკს ახალი სტრატეგია აქვს, რომელსაც ძალიან მალე დავაანონსებთ. შესაბამისად, ხდება ფილიალების ქსელის გადახალისება, ამიტომ რიგი ფილიალიები იხურება, რიგი ფილიალები განიცდის რეორგანიზაციას”, - განაცხადა პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა პროკრედიტ ბანკი სხვა ფილიალების გახსნას და რა ბედი ეწიათ თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნული ბანკის მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ფილიალში მუშაობდნენ, ბანკის წარმომადგენელმა პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა.