„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ 2018 წლის მაისიდან ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში მოწევა იკრძალება

4-წლიანი ბრძოლისა და ომის შემდეგ როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის შესაბამისად, 2018 წლის მაისიდან ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში მოწევა იკრძალება , - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ბახტურიძემ არსებულ გამონაკლისებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კაზინოებსა და სიგარა ბარებში მოწევა კონსესუსის შედეგად მიღწეული გამონაკლისია და წარმოადგენს დროებით ზომებს.

ბახტურიძემ სიგარა ბარებისა და კაზინოების თანამშრომლებს მოუწოდა, რომ მათი შრომითი და ჯანმრთელობის უფლებების დასაცავად მიმართონ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“.

„2018 წლის იანვრიდან შემოდის სადა შეფუთვა ანუ ყველა კოლოფი იქნება ერთი ფერის. ასევე მოხდება სიგარეტის რეკლამის პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა. რაც შეეხება გამონაკლისებს, ეს გახლავთ კაზინოები და სიგარ ბარები. სიგარ ბარები უკვე დაქვემდებარებულია სპეციალიზირებულ ლიცენზიას და ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ სიგარის რეალიზაციიდან შემოსავალი წლის განმავლობაში ბრუნვის მინიმუმ 15% უნდა იყოს. ამავდროულად, სიგარა ბარებში დაშვებული არ იქნება სხვა თამბაქოს ნაწარმის მოხმარება და საკვების მიღება - სიგარა ბარები იქნება მხოლოდ სიგარის მოსაწევად და გარკვეული სასმელის მისაღებად. ამ გამონაკლისის მომხრენი არ ვყოფილვართ, მაგრამ ეს იყო კონსენსუსის საფუძველი. ვფიქრობთ, რომ ეს დროებითი ზომაა და შემდგომში ესეც დაექვემდებარება რეგულაციებს. კაზინოებსა და სიგარ ბარებში დასაქმებულ პირებს მოვუწოდებთ, მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით მოგვმართონ ჩვენ. მათ შრომით თუ ჯანმრთელობის უფლებებს სასამართლოს გზით დავიცავთ“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ სიგარა ბარებში მოწევის მხრივ გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ რესტორნების მფლობელებმა თუ აღნიშნული გამონაკლისი სათავისოდ გამოიყენეს, ალიანსი კანონის გამკაცრებას მოითხოვს.

„თუ ამ დაშვებამ სისტემური ხასიათი მიიღო და ყველა რესტორანში გაჩნდა ასეთი ადგილები, ჩვენ მოვითხოვთ კანონის დაუყოვნებლივ გამკაცრებას“, - განაცხადა კახა ღვინიანიძემ.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს ყველა სამთავრობო სტრუქტურას, რომლებმაც კანონპროექტის დამტკიცებაში მიიღეს მონაწილეობა.