რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლენდოზე" ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ზ.თ., ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული რუსთავში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოში“ ნიღბით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით „ლენდოს“ თანამშრომლებს 28 710 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.თ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოზე" ყაჩაღური თავდასხმა 23 მაისს დილით მოხდა.