სააკაშვილი ტელეკომპანია ”იმედის”, ”მზის”, ”რუსთავი 2”-ის, ტვ-25-ის, ბანკი ქართუს, ”აგრომეტისა” და ”ბეზეკის” საქმეებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში მოწმის სახით იბარებენ.

გარდა გირგვლიანის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ”მუხროვანის ამბოხის საქმეებისა, პროკურატურას სურს ყოფილ პრეზიდენტს შემდეგ საქმეებთან დაკავშირებით მოუსმინოს:

”2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია ,,იმედში"" შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;

2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;

2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;

2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს "აგრომეტი"-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე;

2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს "ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე.

2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.

2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით "ქართუ" ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე.”

”ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე,” - აცხადებენ პროკურატურაში.

ყოფილ პრეზიდენტს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად 27 მარტს, 13:00 საათზე ელოდებიან.