საქართველოს სახალხო დამცველი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2017 წლის 31 მაისის თემაა – „თამბაქო განვითარების საფრთხეა.“
”ამ კამპანიის მიზანია წარმოაჩინოს ის საფრთხეები, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია უქმნის მდგრად განვითარებას ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის კუთხით. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა ხელი შეუწყონ მოსახლეობის ყველა წევრის ჯანმრთელობის განმტკიცებას.
2017 წლის თებერვალში საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მომზადება განაპირობა საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლების შედეგად სიკვდილიანობის, დაავადებათა და ეკონომიკური ტვირთის მასშტაბებმა, აგრეთვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვანი აღსრულების აუცილებლობამ და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივებისა და რეკომენდაციების განხორციელების საჭიროებამ. შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები, როგორც საკანომდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით.
საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის მაისში მხარი დაუჭირა თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოზარდი თაობის წარმომადგენელთათვის თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას, დახურულ შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოხმარების სრულ აკრძალვას, აგრეთვე, თამბაქოს პროდუქციის პირდაპირ და ირიბ რეკლამირებასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ აკრძალვებს. გაიწერა თამბაქოს პროდუქტის სადა შეფუთვის შემოღების ვალდებულებაც, რითაც მოხდა თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივებსა და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სახალხო დამცველი მომავალშიც თვალს მიადევნებს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და განახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით გამოვლენილი აქტივობის მონიტორინგს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.