კრიტიკული და მთავარია, ჩვენი პედაგოგები იყვნენ მოტივირებულები, რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ისინი აუცილებლად დაიხვეწება , - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი გამოეხმაურა მუსიკის სახელმძღვანელოებში შინაარსობრივ ხარვეზებთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს და ინფორმაციას, სადაც ჩინურ საკრავებზე საუბრისას დასახელებულია დოლი და სალამური.
”სახელმძღვანელოები თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა პედაგოგი უფრო მნიშვნელოვანია. სახელმძღვანელოებში მართლაც გვაქვს, ფაქტობრივი შეცდომები, არამარტო მუსიკის, სამწუხაროდ, ფიზიკის სახელმძღვანელოშიც გვაქვს ფაქტობრივი შეცდომები და სხვაგანაც. ამას დავხვეწავთ, გამოვასწორებთ, მაგრამ კარგი პედაგოგი ახერხებს, რომ ასეთი სახელმძღვანელოთიც დააინტერესოს ბავშვი და ისეთითაც. შეიძლება ამ ამბავზე - დოლზე და სალამაურზე ერთად გაიცინონ და გააგრძელონ. მე მგონია, კრიტიკული და მთავარია ჩვენი პედაგოგები იყვნენ მოტივირებულები, რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, აუცილებლად დაიხვეწება. ჩვენ ერთი წელი გამოვყავით, სახელმძღვანელოები, რომელიც წელს შეიქმნება, მომავალ წელს შევა სკოლებში. ზუსტად ამისთვის, ვინმეს თუ მოეჩვენება, რომ დოლი ჩინური საკრავია, წელსვე აღმოაჩინოს, სანამ ელექტრონული სახელმძღვანელო იქნება, რათა ასეთი შეცდომები აღარ შევიდეს სკოლებში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.