საპენსიო რეფორმა, რომელიც დასაქმებულის მიერ საკუთარი პენსიის დაგროვებას გულისხმობს, 2018 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება , - ამის შესახებ Allnews.ge-ს "საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში" განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა დასრულებულია და თავდაპირველ ვარიანტში რამდენიმე შესწორებაც შევიდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, საჯარო განხილვების ფარგლებში გახდება ცნობილი.
კერძო საპენსიო სისტემა "განსაზღვრული შენატანების" პრინციპს დაეფუძნება, რომლის მიხედვითაც შენატანების ოდენობა დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის განაწილდება. სისტემის სამ მონაწილე მხარეს - მთავრობას, დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ყოველთვიურად შემოსავლის 2-2% დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე შეაქვს, რაც საბოლოო ჯამში, 6% გამოდის. გარდა ამის, საპენსიო ანგარიში შენატანებისა და ფონდის მოგების მიხედვით გაიზრდება.
Allnews.ge დაინტერესდა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეებით ხასიათდება საპენსიო რეფორმა და კონკრეტულად რატომ არის საჭირო მსგავსი პროექტების განხორციელება, რისთვისაც ეკონომისტებს ვესაუბრეთ.
ეკონომისტ მიხეილ დუნდუას განმარტებით, კერძო საპენსიო სისტემა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს, რაც სახელწიფოში კაპიტალის მობილიზებისა და ეკონომიკის ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში ყოველწლიურად, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ლარის მობილიზება მოხდება, რომელიც შიდა საინვესტიციო პროექტებში აკუმულირდება.
"საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება უზრუნველყოფილი სიბერის გარანტიაა, რადგან ახლა ძალიან მცირე სოციალური პენსია გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი თანხით, ისეთი რეფორმების განხორციელებას შევძლებთ, რომლებიც სამუშაო ადგილებსა და ეროვნულ პროდუქტს ქმნის და უფრო მეტ საპენსიო შენატანს ასტიმულირებს," - აღნიშნავს ის.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ან მათ, ვისაც ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, მიხეილ დუნდუას თქმით, მათი პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს ეკონომისტი დავით ასლანიშვილი, მისი თქმით, საქართველოში მისი დანერგვა გარკვეულ პრობლემებს შექმნის, რადგან კერძო პირების მიერ დაგროვებისთვის შეტანილი თანხა, კომერციული ბანკებისთვის დიდ შემოსავალს შექმნის, რომლის განკარგვასთან დაკავშირებითაც, მრავალი კითხვის ნიშანი არსებობს. იხილეთ გაგრძელება