ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება.
როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში განუცხადეს, ლანდშაფტური არქიტექტურის ნიმუშის ტერიტორიაზე თავდაპირველად არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება, მომდევნო ეტაპზე კი ტერიტორიაზე რეკრეაციული და ტურისტული ზონები მოეწყობა. პროექტი 2 წლიანია და მისი განხორციელება 2019 წელს უნდა დასრულდეს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ფიზიკური სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება, კომპანიის შერჩევისთვის კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 12 მილიონ ლარს შეადგენს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროექტის განხორციელების დონორი მსოფლიო ბანკია.
”სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არქეოლოგია იქნება, იმიტომ რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ზედაპირული დათვალიერებით არქეოლოგიური ნაშთები საკმაოდ მრავლად არის და იქ უხეშად ჩარევა ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს. ამიტომ პირველ რიგში იქ ჩატარდება არქეოლოგიური სამუშაოები და შემდეგ უკვე დაიწყება ფიზიკური სამუშაოები. ჩვენ ახლო მომავალში ტენდერს გამოვაცხადებთ, შეირჩევა კომპანია, რომელიც ბოტანიკურ ბაღში სამუშაოებს ჩაატარებს. პროექტი 2 წლიანია და 2019 წელს უნდა დასრულდეს,” - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
დასრულებულია ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიური შესწავლაც. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს 6 ჰექტარი ფართობის განაშენიანების გეგმასაც, რომლის საფუძველზე ტერიტორიაზე რეკრიაციული და ტურისტული ზონები მოეწყობა. პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამზადებს დოკუმენტს, რომლის საფუძველზე, რეაბილიტირებული ლანდშაფტური არქიტექტურის ნიმუში - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული პარკების ევროპულ ქსელში გაწევრიანდება.