INCSR: ნარკოტიკები ავღანეთიდან და ირანიდან დასავლეთ ევროპაში საქართველოს გავლით ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში (INCSR) გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკების სატრანზიტო დანიშნულების ქვეყანაა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიები ქართული სამართალდამცავი ორგანოების კონტროლს მიღმა რჩება.

"ძირითადი მარშრუტი მოდის ავღანეთიდან და ირანიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპის, თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით. საერთაშორისო გადამზიდავი მაქანები და ტრაილერები ხშირად იყოლებენ ნარკოტიკებს საკუთარ დისტანციაზე - საქართველოს გავლით უკრაინის, მოლდოვის ან რუსეთისაკენ; ან ბულგარეთის მიმართულებით შავი ზღვის საზღვაო გადამზიდავების მეშვეობით," - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიტიკის დონეზე საქართველოს მთავრობა ხელს არ უწყობს ნარკოტიკების უკანონო დამზადებას ან გავრცელებას. რეგულაციები არ იძლევა არც ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული ფულის გათეთრების შესაძლებლობას. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამბობს, რომ არსებობს გარკვეული ეჭვები ზედა ეშელონებში კორუფციის არსებობის შესახებ, ხოლო ყოველწლიურად რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე პასუხისგებაში ეძლევა სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

"საქართველოს ასევე აქვს შიდა ნარკოტიკების პრობლემა. ადგილობრივად წარმოებული ამფეტამინის ტიპის სტიმულატორები (ATS), რომელიც "ჯეფისა" და "ვინტის" სახელითაა ცნობილი, ასევე ადგილობრივად წარმოებული დეზომორფინის ოპიოდი, რომელიც "კრაკადილის" სახელითაა ცნობილი, პოპულარობით სარგებლობს. სხვა ნარკოტიკებთან ერთად, ჰეროინი, მეტადონი და მარიხუანა ხელმისაწვდომია ადგილობრივ ბაზარზე", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ ექიმებმა და ანალიტიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში "ჯეფისა" და "ვინტის" გაზრდილი მოხმარების გამო, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ "კრაკადილის" დამზადება სახლში შესაძლებელია მედიკამენტებთან კოდეინის შერევით, რომელიც რეცეპტით არის ხელმისაწვდომი, თუმცა ფარმაცევტები მას რეცეპტის გარეშე, "დახლს ქვევიდან" ყიდიან.

"საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ვერ შეიმუშავა სახლში დამზადებული სტიმულატორებისა და ოპიოდების სტაბილურად მზარდი გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი მექანიზმი", - ნათვამია აშშ-ის 2014 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიშში.