ავტომობილების ექსპორტი 7%-ით შემცირდა, ნავთობის იმპორტი კი 10%-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინა წელთან შედარებით 17%-ით მოიმატა და 1 მილიარდ 567 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 23%-ით, 440 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 15%-ით, 1 მილიარდ 127 მილიონ დოლარამდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 687 მილიონი დოლარი და საგარეო ვაჭრობის 44% შეადგინა.

საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი, 77 მილიონი დოლარით, კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და მთელი ექსპორტის 18% შეადგინა, თუმცა, მისი მოცულობა წინა წელთან შედარებით 6,6%-ით შემცირდა, ძირითადად, აზერბაიჯანის ხარჯზე, სადაც ავტომობილების ნახევარი რეექსპორტზე გადის.

19%-ით გაიზარდა უცხოეთში რეალიზებული ფეროშენადნობების მოცულობა და 57 მილიონი დოლარი შეადგინა (მისი წილი მთლიან ექსპორტში 13%-ს შეადგენს). მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია, რომლის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა, 32 მილიონ დოლარამდე. მატება რუსეთის ბაზრის გახსნამ განაპირობა, სადაც მთლიანი ექსპორტის 70% გაიყიდა.

სამჯერ გაიზარდა სპილენძის მადნები და კონცენტრატების ექსპორტი და 31,5 მილიონ დოლარს მიაღწია, 14%-ით - აზოტოვანი სასუქების (31,4 მილიონი დოლარი), ხოლო 2,5-ჯერ - მინერალური წყლების (21 მილიონი დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, 10%-ით გაიზარდა ნავთობპროდუქტების იმპორტი და 114 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 18,6%-ით - ბუნებრივი აირის (92 მილიონი დოლარი), რომლის 83% აზერბაიჯანზე მოდის, დანარჩენი კი - რუსეთზე.

12 %-ით გაიზარდა უცხოეთიდან შემოყვანილი მსუბუქი ავტომობილების მოცულობა (88 მილიონ დოლარამდე) და მთლიან იმპორტში მესამე ადგილი დაიკავა. მეოთხე ადგილზე - სამკურნალო საშუალებებია (36,5 მილიონი დოლარი).

20%-ით მოიმატა მობილური ტელეფონების იმპორტმა და 21,6 მილიონ დოლარს მიაღწია.