საქართველოში 800 ათასამდე ადამიანი ღატაკია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ ამ მხრივ სავალალო ტენდენცია მზარდია.
"საქსტატის" წინასწარი მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 21,3% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია, რაც ქვეყნის მოსახლეობიდან 792 000 ადამიანს შეადგენს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემი საკმაოდ რეალური და იმავდროულად სამწუხაროა. ეს ხელისუფლებისათვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს.
წელს "საქსტატი" პირველად გამოაქვეყნებს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის მონაცემებს. მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ "საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს" და იგი გამოიყენება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდი ითვალისწინებს სიღარიბის ზღვარის განსაზღვრას შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევის მონაცემების საფუძველზე.
წინასწარი მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია და 21.3% შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი 20,8%-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ქვეყანაში ამ მხრივ ვითარება უარესდება.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის და ინვესტიციების შემოდინების ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედზე მეტი ღატაკია, ეს შემოსავლები არასამართლიან გადანაწილებაზე მიუთითებს.
"ქვეყანაში გაზრდილია ღარიბთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯდება სტატისტიკური 3-4-პროცენტიანი სხვაობის ფარგლებში, მაინც იკვეთება არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, არასასურველი ტენდენცია მზარდია.
ეს ხელისუფლებისათვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, უფრო მეტი დინამიზმია საჭირო და რაც მთავარია, მატერიალური დოვლათის გადანაწილების მექანიზმი იყოს სამართლიანი. ახლა გვაქვს არასახარბიელო სურათი: ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდებოდეს ღატაკი მოსახლეობის რაოდენობაც, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს -საზოგადოებაში შემოსავლების მიხედვით სოციალური უთანასწორობა მატულობს", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ქვეყანაში თითქმის 800 ათასი ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია. ექსპერტის თქმით, ეს მონაცემი საკმაოდ რეალური და იმავდროულად საგანგაშოა. სახელმწიფოს სჭირდება მეტად გახსნილი და გასაგები სოციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ამ ზღვარის დაძლევაში.
"გააჩნია, რას ავიღებთ სიღარიბის კრიტერიუმად. ევროპული და ამერიკული სტანდარტით, ბევრად მეტი ადამიანი მოხვდებოდა ამ ზღვარს ქვემოთ. მეთოდოლოგია, რომლითაც "საქსტატი" იკვლევს, საკმაოდ ადეკვატურია საქართველოს რეალობასთან. ქვეყანაში 792 000 ღატაკი მართლაც რეალურია. თანაც შემაშფოთებელიც და საგანგაშოც. ამიტომ სახელმწიფოს სჭირდება მეტად გახსნილი და გასაგები სოციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, გაუსაძლისი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები არიან ჩვენთანაც, ამერიკაშიც და იაპონიაშიც, უბრალოდ, მასშტაბებზე და საერთოდ ტენდენციაზეა საუბარი. ჩვენთან ეს სეგმენტი ძალიან გამოკვეთილია, რაც ცალკე პრობლემებს ქმნის", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო არჩვაძემ.
პროფესორი პაატა აროშიძე შეშფოთებულია სტატისტიკით, რომელიც ადასტურებს, რომ მოსახლეობის მეხუთედი ღატაკია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია ან ძირეულად არასწორია.
"ვინ მოიაზრება ღატაკთა კატეგორიაში? პირველ რიგში პენსიონერები, რომელთაც ამ თანხის გარდა, სხვა არავითარი შემოსავალი არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის დისბალანსი ძალიან დიდია. სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდი მაჩვნეებელია. შიდა პრობლემების გარდა, საერთაშორისო ასპარეზზეც ქვეყნის იმიჯს საკმაოდ აზიანებს. როდესაც მინიმალური ეკონომიკური ზრდის პირობებში შეჭირვებულთა რაოდენობა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში გამომუშავებულ თანხებს მთლიანად შთანთქავს შეძლებული ფენა.
800 000 კაცი ღატაკია? ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია ან ძირეულად არასწორია", - განაცხადა პაატა აროშიძემ.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"