ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ მაღაზია "ევროპროდუქტში" ნაყიდ გაყინულ სკუმბრიას მომჟავო სუნი და გემო აქვს და ადვილად იშლება.
ინფორმაციას ამის შესახებ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (momxmarebeli.ge) ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარია "თევზის ასორტზე WEST FISH სკუმბრია უთავო".
ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის შემოწმების თხოვნით მომხმარებელმა მიმართა. რომლის ცნობითაც, გაყინული სკუმბრია, რომლის ნაწილიც გალღობის შემდეგ დაიშალა, მაღაზიაში 6 მაისს შეიძინა. მოქალაქის ცნობითვე, შეფუთვის მიხედვით პროდუქტი ვადიანი იყო.
"მომხმარებელმა გვთხოვა მაღაზია "ევროპროდუქტის" ერთ-ერთ ფილიალში (თბილისი, პეკინის 39) გასაყიდი თევზის - სკუმბრიის შემოწმება. მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე თევზის გამოშვების თარიღად 2016 წლის 14 აგვისტო იყო მითითებული. საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 17 მაისს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მდებარე შპს "ევროპროდუქტში" შევიძინეთ "თევზის ასორტი WEST FISH სკუმბრია უთავო", რომელიც თავისი შეფუთვიანად მოვათავსეთ სპეციალურ მაცივარ-კონტეინერში და ანალიზისათვის ლაბორატორიას ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტი ორგანოლეპტიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება, კერძოდ, აქვს მომჟავო სუნი და გემო, ასევე, ადვილად იშლება. აღნიშნული შედეგის შესახებ წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მაღაზიაშიც გავაგზავნეთ," - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციაში.