„ჰუალინგი“ აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა

ბათუმს „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ მი ენ ჰუასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის“გენერალური დირექტორი ვა შენგ ხინი და 30 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

რამაზ ბოლქვაძემ ინვესტორებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი კურორტ „გოდერძიზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეეხო.

აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ინვესტორებს, სპეციალური პრეზენტაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა.

„აჭარას მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ ეწვია. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტთან და კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი აჭარის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. კომპანიის წარმომადგენლებს რეგიონის საპრივატიზაციო ობიექტები გავაცანით. საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3 000-ს აღემატება. ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც საქართველოში 8 პროექტი უკვე განხორციელებული აქვს, ამჯერად უკვე აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა,“- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

ჩინელი ინვესტორები დღესვე ბათუმში არსებულ საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთებს გაეცნენ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ბათუმს დღეს დატოვებენ.