ლევან ვასაძე - IT რეალური სექტორია, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს რუსეთის ეკონომიკას

IT ბაზარი რუსთში საბოლოოდ ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ის ფორმირების პროცესშია და ამ პროცესის დასრულება შორსაა. 

ამის შესახებ AT Consulting-ის ჯგუფის დირექტორმა ლევან ვასაძემ რუსული „რბკ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ციფრულ ეკონომიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ IT რეალური სექტორია, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს რუსეთის ეკონომიკას, თავი დააღწიოს ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას. თუმცა, ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომის შემუშავება. სამწუხაროდ, ამ სფეროს ჯერ აკლია განვითარების ერთიანი ვექტორი, არასაკმარისადაა განვითარებული სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა, IT ექსპორტის ნათელი და გასაგები სტრატეგია არ არსებობს“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობის დონეზე საჭიროა სპეციალური სტრატეგიული საბჭოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეკომენდაციების შემუშავებას IT სფეროს მხარდაჭერისთვის.

ლევან ვასაძემ ასევე ისაუბრა AT Consulting ჯგუფის საქმიანობაზე. როგორც მან აღნიშნა, ჯგუფი კლიენტებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს ტექნოლოგიური ექსპერტიზისა და კონკრეტულ სფეროში კომპეტენტურობის გამოყენებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე ბიზნესს ძალიან სჭირდება IT მხარდაჭერა.