”კარფური”: სტიმულირების მიუხედავად, ქართველმა ფერმერებმა კონტრაქტები ვერ შეასრულეს

საქართველოს აგრარული სექტორის მთავარი პრობლემა მისი სეზონური ხასიათია, - განაცხადა ჰიპერმარკეტების ქსელის ”კარფურის” ფინანსურმა მენეჯერმა ჟან მარკ სტავრულაკისმა, ეკონომიკურ სკოლა ISET-ში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ქსელი, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში, საუკეთესო მომწოდებლად იმ ადგილობრივ ფერმერს აღიარებს, რომელიც ბიოპროდუქტს აწარმოებს, სწორედ ამ მიზნით ”კარფურმა” შემოსვლისთანავე ქართველ ფერმერებთან ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყო.

”ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა უცვლელი ხარისხის უზრუნველყოფით ორგანული სურსათის უწყვეტი მიწოდება. ერთი შეხედვით, სტაბილური მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში ქართველ ფერმერებს დიდ შესაძლებლობებს აძლევდა; თუმცა, სტიმულირების მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს დადებული კონტრაქტების შესრულება. მარცხს კი განსხვავებული მიზეზები ჰქონდა, მაგალითად, პროდუქციის წარმოების პრობლემა არასეზონურ პერიოდში, სურსათის ხარისხის გაუარესება და ა.შ, ”, - განაცხადა ”კარფურის” წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქციის სეზონური ხასიათი სუსტად განვითარებული სასათბურე მეურნებობების ბრალია. მნიშვნელოვანი საკითხებია ტრანსპორტისა და შეფუთვის ნაკლებობა, ასევე იურიდიული დოკუმენტების წარმოებაში ფერმერების დაბალი ცოდნა.

კარფურში აცხადებენ, რომ კარგა ხანია, ადგილობრივი პარტნიორებს შეფუთვისა და ფინანსური ანალიზის წარმართვის მიმართულებით კონსულტაციებს უწევენ. მათი აზრით, 2012 წლის შემდეგ პროგრესი ამ კუთხით თვალსაჩინო გახდა.

”თქვენ შეიძლება ”კარფურში” ბევრი ადგილობრივი პროდუქცია იხილოთ, თუმცა, ვითარება აგრარულ სექტორში იდეალურისგან კვლავ შორსაა. ”კარფურის” 2014 წლის სტრატეგიაა, გააღრმავოს ურთიერთობები ქართველ ფერმერებთან და შექმნას ეფექტური საწარმოო ჯაჭვი, რომელიც საშუალებას მისცემს,  მომხმარებელს მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია შედარებით დაბალ ფასში მიაწოდოს”, - აცხადებენ ”კარფურში”, რომელიც ამ ეტაპზე ასამდე ადგილობრივ მომწოდებელთან თანამშრომლობს. კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფილიალები გახსნასაც გეგმავს.