„ფორდ F-150 სუპერ სნეიკი“ 97 ათასი დოლარი ეღირება

Ford F-150 Super Snake - ასე ჰქვია ამერიკული კომპანიის პოპულარული პიკაპის ვერსიას, რომელიც ტიუნინგზე ორიენტირებულმა კომპანია Shelby American-მა შეიმუშავა. F-150 Super Snake-ს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და სწრაფი პიკაპი შეიძლება ეწოდოს.

მსოფლიოში თუ არა, „ფორდის“ ისტორიაში ყველაზე სწრაფი პიკაპი მაინც არის. ამაში მას 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა ეხმარება, რომლის სიმძლავრეც, მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 385-დან 750 ცხენის ძალამდე გაიზარდა. აგრეგატი ახალი გამოსაბოლქვი სისტემით აღიჭურვა, რომელიც ავტომობილს შესაფერისი ხმოვანი აკომპანიმენტით უზრუნველყოფს.

„სუპერ გველს“ სტანდარტული F-150 პიკაპისგან, გარეგნულად რადიატორის ახალი სტილის ცხაურა, აეროდინამიკური ელემენტები და დაბალი კლირენსი განასხვავებს. ის 22-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც დაბალპროფილიანი, 305/45 R22 ზომის საბურავებითაა შემოსილი. ავტომობილი „შელბის“ საფირმო სტილშია გაფორმებული და შესაბამისად, მას ორი მსხვილი გრძივი ზოლი ამშვენებს, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს.

„შელბი“ მხოლოდ 150 ცალ „ფორდ F-150 სუპერ სნეიკს“ გამოუშვებს. თითოეული მათგანი 97 ათასი დოლარი ეღირება.

წყარო AUTOBILD.GE