სადაზღვევო კომპანიათა წმინდა მოგება 1.3 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 1.3 მილიონი ლარით გაიზარდა.

კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, 2017 წლის პირველ კვარტალში კომპანიათა წმინდა მოგება - 5.67 მილიონი ლარი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4.37 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, გაიზარდა მოზიდული სადაზღვევო პრემიაც, რამაც 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში 143,80 მილიონი ლარი შეადგინა; მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 130.66 მილიონი ლარი იყო.

დაზღვევის სახეობებიდან მოზიდული სადაზღვევო პრემიით ჯანმრთელობის დაზღვევა ლიდერობს, რამაც 2017 წლის საანგარიშო პერიოდში 84.4 მილიონი ლარი შეადგინა; შემდეგ მოდის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) - 23.70 მილიონი ლარი; ქონების დაზღვევა - 12.42 მილიონი ლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 6.88 მილიონი ლარი. ხუთეულში მოხვდა ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რა მიმართულებითაც მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 3.95 მილიონი ლარი შეადგინა.

2017 წლის I კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 15 სადაზღვევო კომპანია, 14 მათგანი ფლობს როგორც სიცოცხლის ისე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. (სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"-მ სადაზღვევო საქმიანობა დაიწყო 2017 წლის II კვარტლიდან).