”სოკარი” საქართველოში ექსპანსიას აგრძელებს

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია ”სოკარმა” საქართველოში ერთდროულად ორი ავტოგაზგასამართი სადგური გახსნა, მათ შორის, ერთი - თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, მეორე კი - თბილისი - რუსთავის შემოვლით გზაზე.

გაზგასამართი სადგურების გახსნის ცერემონიას ”სოკარის” პრეზიდენტი, როვნაგ აბდულაევი, კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაირ მამედოვი, ასევე სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

როგორც აბდულაევმა აღნიშნა, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება, ხოლო ”სოკარის” პოზიციები საწვავის ქართულ ბაზარზე დინამიკური განვითარების დემონსტრირებაა.

”სოკარის” ქსელი საქართველოში უკვე 108 ბენზინისა და გაზგასამართ სადგურს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული კომპანიის ექსპანსიას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი გაზგასამართი სადგურების მფლობელები. როგორც ისინი აცხადებენ, ”სოკარი” მონოპოლისტურ პოლიტიკას ატარებს. ის ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი კომპანიაა, რომელმაც წლის დასაწყისიდან ახალ მომხმარებლებს - 345 დოლარამდე გაუზარდა 1000 კუბური მეტრის გაზის ღირებულება, თავის კუთვნილ სადგურებს კი მხოლოდ 275 დოლარად აწვდის. ამასთანავე, სისტემატურად ამცირებს საცალო ფასს, რომელიც პრაქტიკულად დემპინგურია.