რუსთავის მერიაში "ინტერ ტრანსთან" გარიგებას უარყოფენ

რუსთავის მერის მოადგილე დავით სხირტლაძე რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლებისა და ხაზების მეპატრონეების ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ადვოკატი ცრუობს.

როგორც ადვოკატმა დღეს განაცხადა, სამარშრუტო ხაზის დასაკავებლად გამოცხადებულ ტენდერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური ლობირებენ. მისი თქმით, ტენდერში განცხადება შეტანილი აქვს კომპანია "ინტერ ტრანსს", რომელსაც საბანკო გარანტიას კახა კალაძის ბანკი "პროგრეს ბანკი" უწევს.

,,მინდა გითხრათ, რომ სრული სისულელეა, რასაც რევაზ რიჟამაძე აცხადებს. თავის დროზე, ამ კონკურსმა ერთი წლის ვადით უკვე გადაიწია. ამჟამად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე სამმა კომპანიამ გააკეთა განაცხადი და შესაბამისად, აქ რაიმე გარიგებაზე საუბარი, ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ კომპანიას აიძულეს და უკვე შემოტანილ განცხადებაზე ათქმევინეს უარი, მაშინ, როდესაც კომისიის სხდომაზე საკონკურსო პაკეტების გახსნის პროცესი მიმდინარეობდა. არადა, ამ კომპანიას ძალიან დიდი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაემარჯვა იმ ლოტში, რაზეც განაცხადი გააკეთა. ამ კომპანიას კონკურსში მონაწილეობაზე უარი ათქმევინეს ისევ იმ ლიდერებმა და აქციის იმ მონაწილეებმა, რომლებიც აქტიურობენ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ," - ამბობს რუსთავის მერის მოადგილე დავით სხირტლაძე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გამოცხადებული ტენდერის 3 წლით გადავადებას მოითხოვდნენ.

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღების პროცესი ერთი კვირის წინ დასრულდა.

საკონკურსო კომისიამ სხდომაზე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა მიერ შეტანილი საკონკურსო პაკეტები განიხილა. როგორც გაირკვა, განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია მხოლოდ სამმა სატრანსპორტო კომპანიამ - შპს ,,ინტერტრანსმა", ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ" და ,,საქართველოს სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანეს, თუმცა ამ უკანასკნელის წარმომადგენელმა საკონკურსო პაკეტების გახსნამდე, მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში კონკურენციას ერთმანეთს ,,ინტერტრანსი" და ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო" გაუწევენ. ,,ინტერტრანსმა" განაცხადი თერთმეტივე ლოტზე შეიტანა, ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ" კი - სამ ლოტზე.

კომისია საკონკურსო პაკეტებს თვის ბოლომდე შეისწავლის და გამარჯვებულს 31 მარტს დაასახელებს.