გამოცემა Argophilia - 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ბორჯომს

ტურისტული ონლაინ გამოცემა Argophilia ბორჯომის შესახებ წერს.

სტატიაში, რომელიც ბორჯომში მოგზაურობის უპირატესობებს ეხება, ჩამოთვლილია ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოიხიბლოს ტურისტი საქართველოს ამ მხარით. გამოცემის აზრით, გარდა ლანდშაფტის სილამაზისა , აქ ჩამოსულმა ტურისტებმა, აუცილებლად უნდა მოსინჯონ შემდეგი აქტიობები:

რაფტინგი ბორჯომის მდინარეებზე

ბორჯომის ხეობა სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის. მსურველებს შეუძლიათ გამოსცადონ ჩქარ მდინარეზე ვიწრო ნავით „გასეირნება.“ ტური ქვაბისხევიდან იწყება და მთავრდება ბორჯომში.

ე.წ. „კუკუშკით“ მგზავრობა

მატარებელი, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს შორის დადის და რომელსაც .ე.წ „კუკუშკას“ ეძახიან, უკვე 150 წელია რაც არსებობს. გარდა იმისა, რომ ასეთი მგზავრობა ძალიან იაფია, ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაათვალიერონ ბორჯომის ტყეები.

ბორჯომის მინერალური წყლის პარკი

ბორჯომის პარკი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. გარდა იმისა, რომ აქ ცნობილი ბორჯომის მინერალური წყლის წყაროა, ადგილი სხვადასხვა ატრაქციონებითაა სავსე. გარდა ამისა, ბორჯომის პარკში, რომელიც 1850 წლიდან არსებობს, ფუნქციონირებს საბაგირო.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი წერტილია. პარკი 1995 წელს დაარსა და დღესდღეობით 851 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული. პარკს ორი ტურისტული ცენტრი აქვს, ერთი ბორჯომში, მეორე ხარაგაულში.

რომანოვების სასახლე, ლიკანი

ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომ ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში დაცულია უმრავი ისტორიული ექსპონატი, ის მნახველებისთვის დახურულია. თუმცა, მისი ფასადი და გარშემო ბაღი მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.