ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია, ძნელია თავის დამკვიდრება, მით უმეტეს ქვეყნის გაოცება. მაგრამ ჩვენმა თანამემამულემ თავისი უნიკალური გამოგონებით გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს ინდუსტრიაში.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის ზემდგრადი მინიბლოკი და წყალგამძლე ცემენტი ამერიკაში პირველი ცათამბჯენის ასაშენებლად გამოიყენეს.
ამ სიახლეზე წერდა გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკული პრესა. სარეკლამო ფურცლები აჭრელებული იყო ჯორჯ კობის პროდუქციით, რომლის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წელს 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი კი - 4 მილიონს.
მისი სახელი არაერთხელ დასახელებულა ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში. ასე დაიპყრო ამერიკა 10 წლის ასაკში სახლიდან გაპარულმა პატარა ბიჭმა, რომელიც ფეხით ჩავიდა ამბროლაურიდან ბორჯომში.
ქართველ ქიმიკოსს დიდი ხნის განმავლობაში მოუწია ფლორიდაში ცხოვრება. ხედავდა, რომ ტროპიკულ, ტენიან ჰავას ვერც აგური უძლებდა და - ვერც ხე, ყველაფერი მალევე ფუჭდებოდა. სულ რამდენიმე წელიწადში გამოიგონა ცემენტი, რომელსაც ტენი ვერაფერს აკლებდა.
აგურის შემადგენლობაშიც ცვლილება შეიტანა და შექმნა მინი-ბლოკი, რომელიც შენობის გარედან მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და მზის შუქს ირეკლავდა. ეს გამოგონება ამერიკის მრეწველობაში დაინერგა და 30-იან წლებში პირველი ცათამბჯენიც ამ მასალით აშენდა.
მისი შესაძლებლობები და ნიჭი ამით არ შემოფარგლულა, იგი ავტორია არაერთი გამოგონების, კერძოდ, ავტომატური საწერი კალმის, სამედიცინო მინის ამპულის, ნაძვის ხის მინის სათამაშოების, ფერადი მინის ელექტრონათურების.
მისი ავტორობით შეიქმნა ამერიკული სუნამო "პრინც მაჩაბელის" უმშვენიერესი მინის შუშები (სუნამოს ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეწარმე გიორგი მაჩაბელი უშვებდა). ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ გამოგონებული თვითმფრინავისთვის კი შექმნა ზემტკიცე მინის კაბინა.
ყველაფერი კი აქედან დაიწყო - სრულიად ახალგაზრდა მუშაობას იწყებს ბორჯომის რკინიგზაზე, სადაც მისი უფროსი ძმა მემანქანე იყო. თვითონაც ორთქმავლის მართვა შეისწავლა. ერთხელაც სამგზავრო მატარებელი, რომელსაც მისი ძმა და თვითონ მართავდნენ, მწყობრიდან გამოვიდა და მისი შეკეთება დაიწყო.
ამ დროს მასთან მივიდა მატარებლის ერთ-ერთი მგზავრი, ვინმე სიმონოვი და გამოელაპარაკა. ეს კაცი ოდესელი ქიმიკოსი ყოფილა და ბორჯომში მინერალური წყლების შესასწავლად ჩამოსულა. თანაც ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობდა. ვიდრე გრიგოლი მატარებელს შეაკეთებდა, მოუყოლია, თუ როგორ მზადდებოდა მინისგან ბოთლები. ისე დაინტერესებულა გრიგოლი, რომ რკინიგზაზე მუშაობისთვის თავი დაუნებებია და სიმონოვისთვის მიუკითხავს ქარხანაში.
სიმონოვს უთქვამს:
"დაიმახსოვრე, ყმაწვილო, ჩვენისთანა ხალხს ადრე ჯადოქრებად ნათლავდნენ და სჯიდნენ, მაგრამ სიბნელის დამარცხება მაინც მოვახერხეთ და დავამტკიცეთ, რომ ქიმია მეცნიერებაა".
გრიგოლ კობახიძე ამ სიტყვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ივიწყებდა.
4 წელი დაყო ბორჯომის მინის ქარხანაში. გარჯითა და შრომით გააოცა გერმანელი მეწარმე შუმანი, რომელსაც გრიგოლი მთავარ მიხეილისთვის და მისი მეგობრისთვის - კონსტანტინე მუხრან-ბატონისთვის წარუდგენია.
რამდენიმე ხანში სიმონოვი თბილისის მინის ქარხანაში გადმოიყვანეს, შემდეგ კი ოდესაში დაბრუნებულა. მას გაყვა გრიგოლიც, ჯერ თბილისში, შემდეგ კი ოდესაში. რამდენიმე წლის შემდეგ კი დონბასის დიდი მინის ქარხნის დირექტორი გამხდარა.
პოლიტიკური ვითარების გამო მოუწია დონბასის დატოვება, ამ თანამდებობაზე მის შემცვლელ ფრანგ მეწარმეს, გვარად გამანს, სარეკომენდაციო წერილი გაუტანებია გერმანიაში მის ძმასთან. ასე მოხვდა პოლონეთის გავლით გრიგოლ კობახიძე გერმანიაში, შემდეგ - ინგლისში და 1909 წელს - 26 წლის ახალგაზრდა ამერიკაში.
იმხანად ამერიკაში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. მშობლიური კუთხის ხალხს დაუკავშირდა, რომლებსაც პურის საცხობები ჰქონდათ. მათი დახმარებით იშოვა სამუშაო. 9 წელი იმუშავა "ჯენერალ ელექტრიკის" ფირმაში და გარკვეული თანხაც დააგროვა.
მისი დამატებითი შემოსავალი იყო გამოგონება - ავტომატური საწერი კალამი და ამით ვაჭრობდა. მუშტარიც გაუჩნდა და ფულიც დააგროვა.
1919 წელს საკუთარი ქარხანა გახსნა ბოსტონთან ახლოს, მაგრამ 30-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ქარხანა გაკოტრდა. ახალგაზრდა, ენერგიულ კაცს ფარხმალი არ დაუყრია და თავის სახლთან ახლოს მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა ააშენა.
1941 წელს აშშ-ის მთავრობას ფინანსური დახმარება სთხოვა მინის წარმოების აღსადგენად. რამდენიმე ხანში ლიცენზიაც მიიღო და 2 მილიონი დოლარიც. ამ თანხით გახსნა ქარხანა როდ-აილენდის შტატში, ქალაქ პატაკიტში, სადაც 300 კაცი დაასაქმა და დაიწყო ინექციებისთვის მინის ამპულების გამოშვება. იმდენად მოთხოვნადი გახდა ეს პროდუქცია, რომ მეორე მსოფლიო ომში ჩართულ ამერიკის მოკავშირე ყველა ქვეყანას მიეწოდებოდა.
ომის შემდეგ ახალი საქმე წამოიწყო - ქიმიური სითხით სავსე ელექტრონათურებს ამზადებდა. ქსელში ჩართვის შემდეგ ფერადი ბურთები მოძრაობას იწყებდნენ და ძალიან ლამაზი სანახავი იყო.
ნაძვის ხის მინის სათამაშოების წარმოება კი 1964 წელს დაიწყო. იმხანად ნაძვის ხეზე ნამდვილ სანთლებს ანთებდნენ, რაც ხშირად ხანძარს იწვევდა. ჯორჯ კობის მიერ შექმნილი სიახლე - ფერადი მინის ნაძვის ხის სათამაშოები, რომელსაც "ორნამენტი" უწოდა, ყველაზე პოპულარული გახდა ამერიკაში. ქართული დროშისფერ ყუთებში ჩაწყობილი ორიგინალური ფორმის ნაძვის ხის კენწეროს მოსართავი, რომელსაც ინგლისურად ეწერა "კობი", დღემდე იყიდება ამერიკასა და ევროპაში.
გრიგოლ კობახიძე ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. პირველად 1925 წელს და უნდოდა, სამშობლოში ინვესტიციები ჩაედო, მინის ქარხანა გაეხსნა, მაგრამ ბოლშევიკებმა ნება არ მისცეს. შემდეგ 1928 წელს ეწვია მშობლიურ კუთხეს და მაშინაც ბოლშევიკების ტერორის ქვეშ აღმოჩნდა. როცა შეატყობინეს, რომ დაპატიმრებას უპირებდნენ, ქვეყანა მაშინვე დაუტოვებია, მაგრამ მაინც მოასწრო მშობლიურ სოფელში სკოლის აშენება, გზის გაყვანა და შეჭირვებული ხალხის დახმარება. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ქართველ ახალგაზრდებს კი ფინანსურად სისტემატურად ეხმარებოდა.
ჯორჯ კობის შვილი არ ჰყავდა, ბოლშევიკების გამო იძულებული იყო, სამშობლოში დარჩენილ ნათესავებთანაც ყოველგვარი კონტაქტი გაეწყვიტა, რადგან მის გამო საბჭოთა რეჟიმი მათ მოსვენებას არ აძლევდა. ამიტომ თავისი კომპანია "კობი კლასიკ კომპანი" იტალიელ პარტნიორებს - ძმებ ჯიმი და ჯული ჰაგლისებს უანდერძა, რომელიც დღესაც "კობის" სახელით გადის მსოფლიო ბაზარზე.
ია აგულაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"